გიორგი მშვენიერაძე - დღეს ქართველმა ხალხმა იცის, რომ ხელისუფლებამ მტერი ჩაანაცვლა - აღარ ლაპარაკობს მტერ რუსეთზე და მტრებზე საუბრისას გველაპარაკება პარტნიორებზე

კობახიძის განცხადება ცოტა ღიმილის მომგვრელია. ევროპელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროპული სახელმწიფოები ასე არ იქცევიან, ასე არ ლაპარაკობენ და ასე არ მოქმედებენ, - ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და საუბრისას სლოვაკეთის პრემიერის მაგალითი გაიხსენა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ხელისუფლებამ „მტერი ჩაანაცვლა“ და მტერზე საუბრისას რუსეთის ნაცვლად პარტნიორებზე საუბრობს.

„განცხადება, რომელიც საქართველოს მთავრობის სოციალურმა ქსელმა გაავრცელა, ცოტა ღიმილისმომგვრელია. ევროპელი დიპლომატები და ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპული სახელმწიფოები ასე არ იქცევიან. ასე არ ლაპარაკობენ და ასე არ მოქმედებენ. უფრო მეტიც, ბატონმა კობახიძემ ვინც ახსენა, ვინც არის ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებული, ისიც პრორუსია აქტივისტია და არა ვინმე ევროპელი.

ეს არის მანიპულაცია, რასაც მიმართავენ ხოლმე. ეს შეთქმულებები პირველად საქართველოში არ არის. შეთქმულება ჰქონდათ კომუნისტებს, რომ არსებობენ იმპერიალისტები, კაპიტალისტები, რომელსაც უნდათ გადატრიალების მოწყობა, ეს შეთქმულება დაფუძნებული იყო ეკონომიკურ საფუძვლებზე. ასევე არსებობდა ეთნიკურ საფუძველზე დაფუძნებული შეთქმულება ფაშისტებში. რეპრესიებს ატარებდნენ ებრაელი ხალხის მიმართ. თანამედროვე სამყაროში შეთქმულებები ცოტა სახეცვლილია. ვუჩიჩი, რომელიც სერბეთის პრეზიდენტია, ხშირად ამბობს, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები თავდასხმას უწყობენ და ამით ერთგვარ მობილიზებას ახდენს ქვეყნის შიგნით. კობახიძემ ეს გააკეთა დღეს, მაგრამ ეს იმდენად სასაცილოდ გამოუვიდა, რომ ამის სერიოზულად არავის არ სჯერა. მე ვფიქრობ, იუმორისტული ამბავი გამოვიდა.

ხელისუფლება ღიად აცხადებს მტრად და საფრთხედ დასავლეთს. ეს კანონი დასავლეთის მტრად გამოცხადების კანონია. ამასობაში, როცა ამაზე ვსაუბრობდით, იმდენი რამ გააკეთა ხელისუფლებამ, რომ დამატებით მტკიცება არ გვჭირდება. დღეს ქართველმა ხალხმა იცის, რომ ხელისუფლებამ მტერი ჩაანაცვლა, აღარ ლაპარაკობს მტერ რუსეთზე და მტრებზე საუბრისას გველაპარაკება პარტნიორებზე, რომლებმაც არ დაიშურეს ძალ-ღონე, რომ ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო უკეთესი“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, რომელიც არგუმენტად ხელისუფლების წევრებს მოჰყავთ ხოლმე, „ის სუვერენიტეტია, რაზეც რუსები ლაპარაკობენ“.

„არგუმენტად მოვისმინეთ, რომ კანონი თურმე სუვერენიტეტის დასაცავად მიიღეს. ეს სუვერენიტეტი სინამდვილეში ის სუვერენიტეტია, რაზეც რუსები ლაპარაკობენ. საზოგადოებას გავახსენოთ, ირაკლი კობახიძე შემთხვევით ის კაცი ხომ არ არის, 2019 წელს საკუთარი სკამი რომ ვერ დაიცვა და გავრილოვი რომ ჩაჯდა შიგნით? ქვეყნის სუვერენიტეტი როგორ უნდა დაიცვას ამ ადამიანმა, როცა საკუთარი სავარძელი ვერ დაიცვა ისე, რომ გავრილოვი არ ჩამჯდარიყო შიგნით?“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის