დიმიტრი ხუნდაძე - არ მგონია, აშშ და დასავლეთი სანქციებზე წავიდნენ, არ შეიძლება მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო - 28 მაისს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის

28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში - არ მგონია აშშ, დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებაზე [სანქციებზე] წავიდეს, რადგან ის ამ გადაწყვეტილებით დააზიანებს საკუთარ რეპუტაციას, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს”.

მისი თქმით, თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.

„28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, საზოგადოებას აქვს მეტი საშუალება. განსაჯოს, რამდენად ობიექტურია მაგალითად ის, რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს. ასევე, ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან.

საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ.

არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.

პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომაზე უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყველას აქვს ვალდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.

„როდესაც დასავლეთში დასავლური კანონი არის მაღალი საჭიროების და უკვე რიგი დგას ქვეყნებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ასეთი ტიპის კანონს იღებენ და საქართველოში იგივე კანონი არის რუსული, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საქართველოში ყველას აქვს უფლება და მითუმეტეს, ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე, ვისგან იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ხუნდაძე ამბობს, რომ „სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს ყველას მხრიდან, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ყველა ქვეყანაში შედის ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები”.

რაც შეეხება ევროკომისიას ოლივერ ვარჰეიის განცხადებას, რომ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ნამდვილად ახსენა სლოვაკეთის პრემიერი, ხუნდაძე ამბობს, რომ “შესაძლოა, ეს საუბარი არ იყო გამიზნული მუქარისთვის, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც აღიქმება მუქარად”.

„ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი შესაძლოა, არ იყო გამიზნული მუქარისთვის, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც აღიქმება მუქარად. თუ პრემიერს ეუბნება ვინმე, რომ თუ ის მოიქცევა იმდაგვარად, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს მუქარაა. დაცული იქნება ყველას უსაფრთხოება, მათ შორის პრემიერ- მინისტრის. ჩვენ გამჭვირვალობის კანონი გვჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა, როგორც ჩანს, სჭირდება, არეულობის და რევოლუციის მოსაწყობად”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ვარჰეიმ პრემიერთან საუბრისას ახსენა ქუჩაში არეულობაც, რაც ასევე მუქარად აღიქმება.

„ამ საუბარში იყო მეორე საკითხიც, მუქარად აღქმული. როდესაც ვარჰეი საუბრობს, რომ ქუჩაში იქნება არეულობა აურზაური. მესმის, რომ ამის მცდელობა ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ ეს ვერ შედგა ვერც აქამდე და ვერ შედგება ვერც ამის შემდეგ. ასე რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება გარანტირებული”,- განაცხადა ხუნდაძემ.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?