ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „ევროპულ - დემოკრატიული ერთობა“ დაფუძნდა

ახალი პლატფორმა - „ ევროპულ - დემოკრატიული ერთობა“ დაფუძნდა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე ახალი პლატფორმის ლიდერებმა „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ შექმნის მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს ერთობაში გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა პოლიტიკურ პარტია „ევროპელ დემოკრატებთან“ ერთად, რომელიც, როგორც კვალიფიციური სუბიექტი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით 6.

„დადგა საქმეზე გადასვლის დრო. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ერთობა, რომელიც არ მისცემს საშუალებას "ოცნების" პოლიტიკურ ჯგუფს, განახორციელოს თავისი ანტიქართული, ანტიდასავლური სცენარი.

სიღრმისეული პოლიტიკური ცვლილებებისთვის, საკმარისი არ არის არსებული პარტიების მექანიკური გაერთიანება. ამ გაერთიანების ჯამი ვერ შეცვლის პოლიტიკურ სურათს და პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში. აუცილებელია, გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მოქალაქემ. ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს მოწესრიგება უნდა გახდეს თითოეული ჩვენგანის საქმე. საარჩევნო პოლიტიკური წნეხის დაძლევა დღეს შეუძლებელია ზეპარტიული ერთობის შექმნის გარეშე. პოლიტიკის მიმართ მოქალაქეთა გაუცხოების დაძლევა საჭიროა ნდობის სიის შექმნით. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები უკან გადაწევენ ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებს ძლიერი ერთობის შესაქმნელად და მოსახლეობაში პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობის დასაბრუნებლად - ნათქვამია „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ეს არის ზეპარტიული ერთობა. ჩვენ უკვე საუბრიდან, იდეების შეთავაზებიდან ქმედებაზე გადავდივართ. რა თქმა უნდა, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან წინასწარი კონსულტაციები იყო. ვფიქრობთ, რომ უკვე მოქმედებების დროა, ვინაიდან დრო ისედაც შეზღუდულია. ვფიქრობთ, რომ

ახალი შეთავაზებებით, ახალი ტექნოლოგიებით და მიდგომებით უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური პროცესი და შევცვალოთ ის მოცემულობა, რომელშიც ვართ. ის პროცესები, რომელიც დღეს ვითარდება, ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ვთავაზობთ საზოგადოების ყველა აქტიურ მოქალაქეს, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე მიეცეთ საშუალება, პოლიტიკაში თავისი სიტყვა თქვან", -განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ამასთან, როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, ახლოვდება არჩევნები და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

"მნიშვნელოვანია, მოხდეს საზოგადოების გაერთიანება. პოლიტიკური პარტია "ევროპელი დემოკრატები" ღია არის, ქმნის პლატფორმას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ, პლატფორმა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლების ჩანაცვლება მოხდეს იმ ადამიანებით, ვინც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ. ასევე, მნიშვნელოვანია, დაიწყოს კონსულტაციები. პლატფორმა "ევროპულ დემოკრატიული ერთობა" აწარმოებს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთანაც. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ერთიანი სიით, ერთიანი პლატფორმით ჩამოვყალიბდეთ, საუბარი გადავდოთ, დავიწყოთ საქმის კეთება. დრო არ არის. ვხედავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, კანონმდებლობას ცვლიან კატასტროფულად, რომელსაც ხელისუფლების მითვისებისთვის იყენებენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების მითვისება არ გამოუვიდეს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო