"ლელო" თბილისის საკრებულოშიც ბოიკოტის რეჟიმზე გადადის - საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლებაც"

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან იქამდე, სანამ "პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება".

„თქვენ ყველა ხედავთ, როგორი სისწრაფით ვითარდება მოვლენები და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება და რთულდება მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენც ვართ ვალდებულები, რომ ამ ყველაფერს ადეკვატურად ვუპასუხოთ. მე, როგორც საკრებულოს წევრმა, 2021 წელს დავდე პირობა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი თბილისელების საუკეთესო ინტერესებით იქნებოდა და ვთქვი, რომ მზად ვარ, რომ თბილისს და თბილისელების ინტერესებს ვემსახურო. თუმცა თანამდებობის მიღმა, თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციით კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ჩვენი კონსტიტუცია დავიცვათ, ამ რუსული სპეცოპერაციისგან, რომლის მიზანი არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს.

შესაბამისად, დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ჩვეულებრივ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება. „ლელოს“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან, მაშინ, როდესაც ბავშვებს სპეცრაზმი უმოწყალოდ უსწორდება და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, ასევე, ჩვენ სანქციების რეჟიმის ამოქმედებას ვხედავთ, შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება ამ მოცემულობაში გაგრძელდეს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ამასთან, თბილისის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმს „გირჩი-მეტი თავისუფლებაც“ უერთდება. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი უზრუნველყოს, მაგრამ ამ ვალდებულებას თბილისის საკრებულო გაურბის.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის და 200 000-მდე ადამიანი [აქციაზე] გამოვიდა, ეს ფაქტი საკრებულომ წაუყრუა და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს სცემენ, ქუჩაში „ბიტებით“ ხვდებიან, საკრებულოში ყველა დეპუტატი ჩუმად არის და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის იმ გედის სიმღერა, რომელიც ახლა „ქოცებს“ აქვთ, ამიტომ იყვნენ ახლა მარტო, სხდომები ჩაატარონ და ერთმანეთის სიჩუმეს უსმინონ, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ“, - განაცხადა კობერიძემ.

როგორც ცნობილია, "ლელო" საქართველოს პარლამენტის მუშაობასაც ბოიკოტს უცხადებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო