ევროპის კოლეჯმა „ქართული კულტურის დღეებს“ უმასპინძლა

9-10 მაისს ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსმა „ქართული კულტურის დღეებს“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორნი იყვნენ ევროპის კოლეჯის ქართველი სტუდენტები, რომელთა შორის არიან პოლონეთში „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები: გვანცა მაისურაძე და მარიამ ჯაფარიძე. აღსანიშნავია რომ ღონისძიებას მხარს უჭერდნენ საქართველოს საელჩო, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” და მისი პრეზიდენტი, თიკა სვანიძე-ვენკო. ასევე პოლონეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები.

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოს ელჩმა, დიანა ჟღენტმა, კოლეჯის ბიბლიოთეკას გადასცა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც სტუმრების წინაშე სტუდენტებმა 12 ენაზე წაიკითხეს. გაიმართა ფილმის ჩვენება, მოეწყო თემატური გამოფენა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ, სიტყვით წარსდგა ევროპის კოლეჯის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის თავმჯდომარე, პროფესორი კატერინა ვოლჩუკი, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, გიორგი ვანკომ კი ჩაატარა პრეზენტაცია ქართული ღვინისა და ქართული დიასპორის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული სამზარეულოს კერძებისა და ქართული ღვინის დეგუსტაციაც, რამაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სტუმრები მოხიბლა ტრადიციულმა სამოსმა და ცეკვამაც. ორგანიზატორების ინიციატივით ქართული ცეკვა შეასრულეს ფრანგმა, ესპანელმა, იტალიელმა და სომეხმა სტუდენტებმაც.

საქართველოს უძველესი კულტურის სხვადასხვა ფორმით ილუსტრირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ახლად მონიჭებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის და უდიდესი ევროპული მხარდაჭერის ფონზე.

ევროპის კოლეჯში ქართული კულტურის დღეების გამართვა ემსახურებოდა 31 ქვეყნის სტუდენტისთვის ქართული კულტურის გაცნობასა და მათ დაინტერესებას და იყო კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია