ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024

სტრასბურგმა სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა - დაემუქრება თუ არა მას საკანში გადაყვანა?

„ვგულისხმობთ ყველას, წითელ ხაზებს ვივიწყებთ“ - ოპოზიციაში ისევ ერთიან სიაზე ალაპარაკდნენ

***

სტრასბურგმა სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა - დაემუქრება თუ არა მას საკანში გადაყვანა?

“სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმეებზე არ დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა „ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით", ოპოზიციისგან კი ამ თემაზე გამოხმაურებები თითქმის არ იყო. ამაზე არც თავად სააკაშვილს და არც მის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია” - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სტრასბურგმა სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა - დაემუქრება თუ არა მას საკანში გადაყვანა?

„სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამსხვრია ძალიან ბოროტი მითი, თითქოს ექსპრეზიდენტს პოლიტიკურად სდეევნიდნენ, მის წინააღმდეგ ე.წ. შეთითხნილი საქმეები იყო და ა.შ. სტრასბურგიდან მერამდენედ უნდა ჩამოვიდეს ვერდიქტი, რომ ქართული მართლმსაჯულება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და თავისუფალია და გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად იღებს?!" - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას. დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში". საჩივარში სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო გამოტანილ განაჩენს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, სააკაშვილი საჩივარში აღნიშნავდა, რომ განაჩენი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები. გარდა ამისა, საჩივარში წერია, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი” - აღნიშნავს გამოცემა.

“სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე" კი დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა. „განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა. „სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით. „განმცხადებელს არ შეუძლია პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. „განმცხადებლის მტკიცებით, ხელისუფლების ფარული დღის წესრიგი იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური დევნის მიზნით, რაც არღვევდა კონვენციის 18-ე მუხლს. სასამართლო, მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით, ადგენს, რომ ხელისუფლების სამართლიანი სურვილი იყო განმცხადებლის პასუხისგებაში მიცემა მისი დანაშაულისთვის და რომ, საკმარისი საპირისპირო მტკიცებულების არ არსებობის გამო, ფარული მოტივის ბრალდება დაუსაბუთებელია. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იყოს", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ დამოუკიდებელ მედიკოსთა მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებული იქნება, როგორც დამაკმაყოფილებელი, მაშინ შესაძლოა უახლოეს პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ. „ის მავნებლური ნარატივები, რაც არა მხოლოდ ნაცოპოზიციისგან, არამედ საგარეო აქტორებიდანაც მოდის, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ" ქართული მართლმსაჯულება მიიტაცა, საქართველოს სასამართლოში კლანური მმართველობაა - ეს ყველაფერი ნაცპროპაგანდის ყავლგასული ჩალის ფასის ტოლფარდი ტყუილი და დეზინფორმაციაა. „რამდენჯერაც სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დადგა საერთაშორისო მართლმსაჯულებაში, იმდენჯერ წააგო. როგორც სააკაშვილმა, ასევე ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და კიდევ სხვებმა. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების სწორად განხორციელდა და ჩვენი სასამართლოს ნებისმიერი დამუნათება, საიდანაც არ უნდა იყოს ეს, ბოროტი სიყალბე და ადვილად მსხვრევადი მითია. „როგორც იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ აღნიშნა, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეფასებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიკოსების მიერ, როგორც დამაკმაყოფილებელი, ის ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი, ექვემდებარება სამოქალაქო კლინკიდან ციხეში გადაყვანას. „ჩვენ მანამდე ასევე ვნახეთ, რომ თავად სააკაშვილის ადვოკატმა გამოიტანა საჩივარი სტრასბურგიდან, რომ ის იყო მძიმედ ავად, იყო ვითომ ნაწამები და ა.შ. ჩვენ ვხედავთ და გუშინაც ვნახეთ, რომ სააკაშვილი მშვენივრად გამოიყურება ვიდეოჩართვისას, ძალიან დიდი ხანია დადგა ის ჟამი, როდესაც მან ციხეში ისევე უნდა მოიხადოს სასჯელი, როგორც სხვა ნებისმიერმა პატიმარმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში", - განაცხადა გია აბაშიძემ” - დასძენს გამოცემა.

“ამ გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა, მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, დასჯადი იყოს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პრეტენზია, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა. ბრეგაძის თქმით, „სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით". „როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება", - ასე უპასუხა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება. „მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან",- განაცხადა მინისტრმა”, - წერს სტატიის ავტორი.

„ვგულისხმობთ ყველას, წითელ ხაზებს ვივიწყებთ“ - ოპოზიციაში ისევ ერთიან სიაზე ალაპარაკდნენ

“გაერთიანების იდეამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საერთო საარჩევნო სიის შექმნაზე პარტიების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. „ლელოს“ ლიდერის განცხადებას კი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრის მიერ არასწორ სტრატეგიად ფასდება მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე, ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს” - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ვგულისხმობთ ყველას, წითელ ხაზებს ვივიწყებთ“ - ოპოზიციაში ისევ ერთიან სიაზე ალაპარაკდნენ

“ერთი სიისა და ერთიანი ფრონტის ფორმირების უპირატესობაში დასარწმუნებლად ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან „ლელოს“ შიდა კვლევის შედეგებზეც მიუთითეს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიების ნაწილისთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზა დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე და საერთო სიაზე გადის. თუმცა პოლიტიკური აქტორების ნაწილი გამოსავალს მაქსიმალურ კოორდინაციაში და რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის შექმნაში ხედავს. პოზიციები გაიყო, რასაც ერთმანეთის მისამართით კრიტიკული გზავნილებიც მოჰყვა. პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წევრი, ანა წითლიძე არჩევნებზე პარტიების შესაძლო კონფიგურაციასა და ერთიან სიაზე საუბრობს. მისი აზრით, საერთო ოპოზიციურ სიაში მოიაზრებენ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამაზე ის „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობს. „საერთო ოპოზიციური სიის პირობებში, რაც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა, ჩვენ ვგულისხმობთ ყველა პარტიას, მიუხედავად განსხვავებისა, ყველას, ვისაც სურვილი ექნება, რომ ამ პლატფორმაში იყოს და ერთიანი ოპოზიცია გავიდეს ერთიანი სიით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოვიაზრებთ. მზად ვართ, მათ შორის, რომ საარჩევნო ნომერი ნეიტრალური იყოს, მზად ვართ ბევრი იმ დათმობისთვის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს და ა.შ. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გვესმის ამ ბრძოლის მნიშვნელობა და გვესმის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების მთავარი დაკვეთაა, ოპოზიცია ნახონ ერთიანი. „როცა ვამბობთ საერთო ოპოზიციურ სიას, ვგულისხმობთ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წითელი ხაზები შეიძლება ბევრ ადამიანთან გვქონდეს, მათ შორის პიროვნული და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერს ვივიწყებთ საერთო სიის პირობებში,“ - განაცახდა ანა წითლიძემ” - აღნიშნავს გამოცემა.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ ერთიან სიას არ ეთანხმება და პარტია ენმ-ის გარეშე ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს. „არ ვეთანხმები ერთიანი სიის იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება... არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტენატიული ცენტრის შექმნაზე. გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს, სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით. „ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთ სიაში არ ვიქნებით. ამას მკაფიოდ ვამბობდით, ვამბობთ და გავიმეორებთ მომავალში“, -ამბობს ხაზარაძე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საერთო სიებზე საუბარი ოპოზიციაში დიდი სისულელეა, რადგან ყველაზე მეტად ახლა ვისაც ეს აწყობს, „ქართული ოცნებაა“. მიიჩნევს, რომ პირიქით, მესამე ცენტრი უნდა გაკეთდეს, რადგან „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საკუთარი ამომრჩეველი მაინც გარანტირებული ჰყავს. „არ ვიცი, ამ ოპოზიციამ რით ვერ გააკეთა ანლიზი რეალურად რის გამო აგებენ არჩევნებს. საერთი სიებზე და გაერთიანებაზე ნაციონალურ მოძრაობასთან, საუბარიც კი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ამდენი წელია ხელისუფლება სწორედ ამით იგებს და მუდმივად ამას ცდილობს, რომ ნაციონალურ მოძრაობად მონათლოს მთელი ოპოზიცია და მასთან დარჩეს პირისპირ. გასაგებია, რომ ნაციონალებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სხვა არ ადარდებთ, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია რაზე ფიქრობს? „მათ ვურჩევ, რომ მესამე ცენტრი შექმნან, სადაც იქნება „ლელო“, გახარია, დოლიძე, ელისაშვილი, თუნდაც საპარალმენტო გირჩი, რომელიც შეიძლება საკმაოდ სერიოზული ძალა გახდეს. ჯერ ერთი ამ სიებზე წავა ისეთი ხოცვა, რომ წარმოუდგენელია ვინმე რამეზე მორიგდეს. ჩვენთან ყველას ისეთი ამბიციები აქვს, რომ გამორიცხულია სიის ბოლო რიგებს დასთანხმდნენ. მერე დავა წავა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე. აქ, რა თქმა უნდა, ნაციონალები მოითხოვენ პრემიერს, ძალოვან სტრუქტურებს და დანარჩენ ოპოზიციას რაღა დარჩება?! „ოცნება“ გავა პირველ ადგილას, ამაში ორი აზრი არაა. თუმცა, როგორც ჩანს, ნაციონალებს უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ნომერ პირველები იქნებიან. ამიტომაც აქვთ ეს ახალი გეგმა“, - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციოანლებს“ ეს შიში გაუჩნდეთ, ამიტომაც დაიწყეს საერთო სიაზე საუბარი. მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დარწმუნებული არ უნდა იყოს სააკაშვილის განცხადებებში, რადგან არჩევნებამდე სააკაშვილი არის თუ არა ბოლომდე ჩამოყალიბებული არავინ იცის - „ის პოლიტიკურად არაადეკვატურია, ამიტომ მისი წინადადებების მიღება მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი