ვიქტორ ორბანი - უნგრეთს, უკრაინის გამო, ნატო-ს წევრობის სპეციალური სტატუსი სურს

უნგრეთი მუშაობს ნატო-ში წევრობის სტატუსის „გადახედვაზე“, რათა თავიდან აიცილოს ალიანსის ტერიტორიის გარეთ მომავალ ოპერაციებში მონაწილეობა, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უნგრელი სამხედრო ოფიციალური პირები და იურისტები უკვე მუშაობენ ახალი კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც განასხვავებს უნგრეთს ნატო-ს სხვა წევრებისგან.

„ჩვენი იურისტები და ოფიცრები ბევრს მუშაობენ იმაზე, თუ როგორ შეუძლია უნგრეთს შეინარჩუნოს ნატო-ს წევრობა ისე, რომ ალიანსის ტერიტორიის გარეთ ნატო-ს აქტივობებში მონაწილეობა არ მოუწიოს“, - აღნიშნა ორბანმა.

ამჟამად ალიანსი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობს, რომლის წარდგენაც ივლისში ვაშინგტონში, წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ეს ზომები მოიცავს უკრაინული ძალებისთვის იარაღის მიწოდებისა და წვრთნის კოორდინაციაში ოპერატიულ დონეზე ნატო-ს როლის გაძლიერებას.

ორბანის მტკიცებით, უნგრეთი ერთგულია ნატო-ს მისიის მიმართ, დაიცვას ალიანსის წევრები, თუ რომელიმე მათგანს თავს დაესხმებიან. ამავე დროს, მისი თქმით, უნგრეთი შეშფოთებულია იმით, რომ დაფინანსება და იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, საბოლოოდ შეიძლება გადაიზარდოს უფრო დიდ სამხედრო ინტერვენციაში, ჯარების გაგზავნაშიც კი.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ფუნდამენტურად არ ეთანხმება ნატო-ს ზოგიერთი წევრის შეფასებას, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიჭრება. ის დარწმუნებულია, რომ მიმდინარე ომი უნდა განიხილებოდეს, როგორც ომი "ორ სლავურ ქვეყანას" შორის.

მისი მტკიცებით, ამ შეხედულებას არ იზიარებს ნატო, რომელმაც შექმნა სამუშაო ჯგუფები რუსეთ-უკრაინის ომში სამხედრო ალიანსის პოტენციურად გაფართოებული როლის შესასწავლად. ორბანის განმარტებით, უნგრეთი, როგორც ნატო-ს წევრი, მონაწილეობს ამ დისკუსიებში, არსებითად, როგორც „არამონაწილე“, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ უნგრეთისთვის ფორმალური უარის თქმის მინიჭება ნატო-ს წევრობის ახალ კონცეფციაზე მიუთითებს.

„ახლა შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩვენ თითქოს იქ ვართ და თან არ ვართ. არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს“, - განაცხადა ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო