შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი მიზანი გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერებაა

მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მოგმართოთ, შევაფასო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ნათელი მოვფინო მრავალჯერ სტიგმატიზებულ საკითხს - ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

„მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მოგმართოთ, შევაფასო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ნათელი მოვფინო მრავალჯერ სტიგმატიზებულ საკითხს. ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ამ მხრივ,არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამავე დროს, ხშირად ვხედავთ ფარულ სქემებს, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება და სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია. გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაგვერწმუნებინა საერთაშორისო დონორები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილების აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი უცხოური გავლენის გაუმჭვირვალობის ამ პრობლემას ეხება ერთიანი და პროპორციული ნაბიჯებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების სრული პატივისცემით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განცხადებით, შიდა და გარე აქტორებმა, სამწუხაროდ, განახორციელეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო კანონის ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის.„გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. უფრო მეტიც, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „უცხოური აგენტის“ფორმულირება; სანაცვლოდ, გამოიყენება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია". იგი ჰგავს ევროკავშირის ტერმინს „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია", რომელსაც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივის პროექტში ვხვდებით. შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი არცერთ შეზღუდვას არ აწესებს უცხოურ დაფინანსებასა თუ უცხოურ ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებით; იგი არ ითხოვს ფინანსურ გადარიცხვებზე წინასწარ ნებართვას; იგი არ მოიცავს დაფინანსების კონტროლს ან ადმინისტრაციულ დაშლას; და იგი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონი არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას. საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს. ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა, გუშინ, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც მისი თქმით, სპეკულაციები მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „პოლიტიკურ პატიმრობასთან" დაკავშირებით დაასრულა. „სწორად ამ მიზეზების გამოა, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ბოლო-ბოლო, გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა არადემოკრატიული ან არაევროპული. შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ჩვენთვის ახალი არ არის. დეზინფორმაციის ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მაგალითი იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა. გუშინ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაასრულა ყველანაირი სპეკულაცია მის ე.წ. „პოლიტიკურ პატიმრობასთან" დაკავშირებით. აღნიშნული მითი არაერთხელ იყო ნახსენები სხვადასხვა ორგანიზაციის და პოლიტიკოსის რეზოლუციებსა და განცხადებებში. 2022 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც კი მიიღო 2463-ე რეზოლუცია, სადაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სააკაშვილი მოხსენიებულია, როგორც „პოლიტიკური პატიმარი". შესაბამისად, არ იყო გასაკვირი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ფარდა ახადა მითებსა და დეზინფორმაციას სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული ყველა მსგავსი რეზოლუციის შესახებ. დრომ ნათლად აჩვენა ის ფაქტი, რომ აგრესიული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუტები ძლიერდება დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა მსგავსი კამპანიის მსგავსად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება. ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული და ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, ასევე, კრიტიკული შეფასებების მოსმენისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღო.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024