პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა მის 20 წლის ცოლზე და სიდედრზე შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონა ძალადობის შედეგ მასთან სახლში არ ბრუნდებოდა

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ფირაშვილმა მის 20 წლის ცოლზე, მარიამ სოფრომაძეზე და სიდედრზე, ინგა ბეგაშვილზე შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გოგონა ძალადობის შედეგ მასთან სახლში არ ბრუნდებოდა.

როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ბრალდებულს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სანადირო თოფი მკვლელობამდე, პირველ აპრილს შეიძინა, რომელსაც ტყვიებთან ერთად ავტომანქანაში ინახავდა.

„დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციული მოტივით, რაც იმას გულისხმობს, რომ ბრალდებული დაზარალებულს პირად საკუთრებად აღიქვამდა და მას ნორმალური, დამოუკიდებელი ცხოვრების, განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ქორწინების დღიდან, მკვლელობის დღემდე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა, რამაც 20 წლის გოგონა აიძულა საკუთარი მშობლების სახლში დაბრუნებულიყო და ქმარს დროებით დაშორებოდა. ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ბრალდებულისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სასტიკად ეძია შური საკუთარ ცოლზე და სიდედრზე. ამ მიზნით ბრალდებული დროთა განმავლობაში აწყობდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ გარემოებებს და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა თავდასხმის განსახორციელებლად. 22 მაისის დილას, მაშინ როცა, დედამ და ბებიამ მაღალი ტემპერატურით 6 თვის ბავშვი ექიმთან, კლინიკაში მიიყვანეს და უკან, სახლის მიმართულებით ბრუნდებოდნენ, ბრალდებული ქუჩაში, თავს დაესხა ორივე მათგანს და სანადირო თოფიდან გასროლით ორივე მათგანი ადგილზე მოკლა. ამ ქმედებით ბრალდებულმა საფრთხე შეუქმნა საკუთარი 6 თვის ჩვილის სიცოცხლესაც. აქვე აღვნიშნავ, რომ ბრალდებულმა დანაშაულამდე მცირე ხნით ადრე შეიძინა სანადირო თოფი, რომელსაც საკუთარ ავტომანქანაში მალავდა. ის, რომ ბრალდებულმა დანაშაული ორგანიზებულად, წინასწარ დაგეგმილად ჩაიდინა, მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მან მცირე ხნით ადრე შეიძინა სანადირო თოფი, მის სახელზეა რეგისტრირებული. შეძენილი თოფი თავის ვაზნებთან და ყუთთან ერთად საკუთარ ავტომანქანაში ედო. იარაღი პირველ აპრილს აქვს რეგისტრირებული“, - განაცხადა სონიძემ.

კითხვაზე, მომხდარს უძღოდა თუ არა წინ რაიმე ფაქტი, პროკურორი პასუხობს, რომ ეს აფექტში ჩადენილი დანაშაული არ არის.

„დაზარალებულების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რაც ბრალდებულს ამ მდგომარეობამდე მიიყვანდა. ისინი აბსოლუტურად მშვიდ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში ერთად იმყოფებოდნენ ექიმთან ვიზიტზე.

კონკრეტულ აკრძალვებთან დაკავშირებით, რომელიც გენდერის ნიშანში შედის და დისკრიმინაციული მოტივითაა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დაზარალებულების ოჯახის წევრები, კერძოდ კი, მოკლულის დეიდა და დეიდაშვილი გვაწვდიან. ფიზიკური ძალადობის ერთი ეპიზოდი 20 მარტს განხორციელდა, როცა გოგონას ყელში ხელის წაჭერით ახრჩობდა, იმდენად სერიოზული დაზიანებები მიიღო, გოგონამ კლინიკას მიმართა. თუმცა, მან დაზიანებების რეალური მიზეზი დამალა... ჩაცმის თავისუფალი სტილის არჩევას უკრძალავდა, ასევე, თავისუფალ გადაადგილებას, უკეტავდა სახლის კარებს, რომ ნათესავებთან და მეგობრებთან არ გასულიყო, საშუალებას არ აძლევდა მობილური ტელეფონით დაერეკა, მათ დაკონტაქტებოდა. ეს ფაქტი გოგონას ოჯახის წევრებისთვის ცნობილი იყო, თუმცა, ყველა მათგანი დუმდა",- განაცხადა სონიძემ.

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო