ვლადიმერ ბოჟაძე - 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ იმ ადამიანს, ირაკლი კობახიძეს, ვინც თავისი ხელით ჩაწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განცხადებებს და სანქციების თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 106 წლის წინ, ეს კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ბოლშევიკები საქართველოს ანექსიას ვერ მოახერხებდნენ.

„ჩვენ ორ დღეში უნდა აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა 106 წლის წინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაშინდელ პარლამენტს ან ეროვნულ კრებას ასეთი კანონი რომ მიეღო გამჭვირვალობის შესახებ, ბოლშევიკებს არ მიეცემოდათ ოკუპაციის განხორციელების საშუალება და ჩვენ არც დამოუკიდებლობას დავკარგავდით და არც ტერიტორიებს. ახლაც, როცა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წელი გავიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვაა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სწორედ გამჭვირვალობის კანონზე გადის, იმიტომ რომ ფაშისტებს და ბოლშევიკებს, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას კვლავ არ მიეცეს საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავ დააკარგვინონ დამოუკიდებლობა, კვლავ დავკარგოთ ტერიტორიები და რუსული ჯარი, რომელიც მათი პოლიტიკის დამსახურებით გორთან დგას, მერე ჩვენს დედაქალაქში დადგეს. ჩვენ ევროპაზე გველაპარაკება ეს პოლიტიკური ძალა. მე არ ვიცი ეს ტექსტი ვინ დაუწერა ამ ხალხს. 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ იმ ადამიანს, ირაკლი კობახიძეს, ვინც თავისი ხელით ჩაწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხელისუფლების დროს განხორციელებული ქმედებები და გაყიდული სტრატეგიული ობიექტები შეახსენა.

„ვეკითხები „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილმა 30-ჯერ რომ შეცვალა საქართველოს კონსტიტუცია, ერთხელ მაინც ერთი წინადადება ან ევროკავშირზე ან ნატო-ზე რატომ არასოდეს ჩაწერა თუ ეს თქვენი სტრატეგიული მიზანი იყო? ახლა გვითხარით, 90-იანი წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაღებულ სისხლს და დაკარგულ ტერიტორიას რატომ დაამატეთ კოდორის ხეობა და ახალგორი? რატომ გადაუფორმეთ სტრატეგიული და ენერგეტიკული ობიექტები რუსეთს? ერთი ობიექტი გვითხარით, რომელიც ჩვენ რუსეთს გადავეცით? პირიქით დავიბრუნეთ ბილაინი, თბილისის წყალი, ნახეთ ინვესტიციები, ეკონომიკური წინსვლა და საით მიგვყავს ჩვენ ეს ქვეყანა. ახალგაზრდებს მინდა ვკითხო, ვისგან აპირებთ დაიცვათ ევროპული არჩევანი, ჩვენგან, ვინც ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი თუ იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლა რუსეთში გვაცხოვრებდა? ნახეთ და მოიკითხეთ რა ხდებოდა ციხეებში მაშინ და რა ხდება თუნდაც ახლა რუსეთის ციხეებში. ნახეთ, რა დღეში იყო მაშინ ოპოზიცია და თავისუფალი მედია. ახლა თურმე დეკლარაციის შევსება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. აქ არის მედია, რომლის უკანაც პოლიტიკური პარტიები დგანან. სააკაშვილის დედის ტელევიზია, ნიკა გვარამიას ტელევიზია, ოლიგარქი კეზერაშვილის ტელევიზია“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, დღეს არის სუვერენიტეტი ყველაზე მეტად დასაცავი და ხელისუფლებას სანქციები ვერ შეაშინებს.

„ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, 9 აპრილის გმირებმა, აფხაზეთში დაღუპულმა ბიჭებმა და ახლა თქვენ გვთავაზობთ, ვიღაცამ რომ ვიზა არ ჩაგვირტყას, უკან დავიხიოთ, სამშობლოს ვუღალატოთ და თქვენნაირი მოღალატეები გავხდეთ. დიახ, 28 მაისს იქნება ვეტო გადალახული, კანონი იქნება მიღებული და ბოლშევიკებს და ფაშისტებს არ მიეცემათ სისხლიანი რევოლუციის მოწყობის და მეორე ფრონტის გახსნის საშუალება“, - დასძინა ვლადიმერ ბოჟაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი