პარლამენტის თავმჯდომარე - მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის

ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ.

"ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს.

ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, ქართველი ჯარისკაცის მონაწილეობის შესახებ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების წვლილი გამორჩეული იყო.

"ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი; გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით, აქ ცოტანი - იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული. ქართველი ჯარისკაცის თავდადებასა და გაუტეხლობას ლეგენდებისა და მითების შექმნა არ სჭირდება, რადგან ამ უწყვეტი ისტორიის ფესვები ათასწლეულებს ითვლის - ღირსეულ მეფეთა ლაშქრებიდან მოყოლებული ჩვენ თვალწინ ჩადენილი საარაკო გმირობებით. ქედს ვიხრი ყველა ამ ქართველი გმირის წინაშე, რომელთა საგმირო საქმეები საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენშია ჩაჭედილი.

ძვირფასო მეგობრებო, ეს დღე ჩვენია, საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათი, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა განურჩევლად განსხვავებებისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თითოეული გულისცემა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძგერს, ერთ დიდ ქართულ ერთობად არ ვაქციოთ.

ამიტომაც მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს. დიდება საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია