საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოს მოქალაქეებს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კოლეგებსა და სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობასა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავარი ეროვნული დღესასწაული, ახალი სახელმწიფოს დაბადების დღე, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ღირსეული ფურცელი, მარადიულყოფის, ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლო!

ქვეყნისათვის ამ დიდებულ და გამორჩეულ დღეს სულიერად ვერთიანდებით წამების შარავანდედით შემოსილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თავდადებული მამულიშვილები და ჩვენ, მათი საქმის მემკვიდრენი, ვისაც პატივად გვერგო მათგან აფრიალებული თავისუფლების დროშა ღირსეულად ვატაროთ დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე ურთულეს პირობებში.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას, რათა საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს ეროვნული ფასეულობები - საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, გააძლიეროს დემოკრატია, ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება, საინჟინრო დარგები, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ამგვარად, გააგრძელოს განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ.

სულიერებისა და ინტელექტის ერთობა კი მთავარი საფუძველია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მარადიულყოფისა. საქართველოს ისტორია უწყვეტი ჯაჭვია განსაცდელებისა, რომელთა ძლევა მცირერიცხოვანი ერისთვის მხოლოდ ღვთის შეწევნითა და ერთობით არის შესაძლებელი.

ამ გზით შევძლებთ მსოფლიო თანამეგობრობაში დამოუკიდებელი და საპატიო ადგილი დავიკავოთ, ამ გზით შევძლებთ დავიცვათ, როგორც სახელმწიფოს მდგრადობა, ასევე, ჩვენი ეროვნული ფასეულობები და უზრუნველვყოთ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.

დღეს, ჩვენი ხალხიც და ხელისუფლებაც ჯეროვნად ვაფასებთ წინაპრების ღვაწლს, ვდგართ მშვიდობის სადარაჯოზე, ვიცავთ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთანავე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვატარებთ მომავალი თაობების წინაშე, რომელთაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, რომლებიც მამათა თაობის ძალისხმევით, განათლებულ, პროფესიონალ, შეუპოვარ და გონიერ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ, ნიკოლაძისეულ შევარდენებად იქცენ იმისათვის, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს - ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული, ევროპული მსოფლმხედველობისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო.

ამ გზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი განსაკუთრებული მისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობისთვის - აღვუზარდოთ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები და მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მომავალს შექმნიან.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ , - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 26 მაისის დადგომისთანავე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო