ნიკა გვარამია - პარტია "ახალი" ხელს მოაწერს „ქართულ ქარტიას“

პარტია "ახალი" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" ხელს მოაწერს. ამის შესახებ მედიასთან პარტიის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით.

"ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით," - განაცხადა გვარამიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი”, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, „არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა“.

ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო