გიგა ბოკერია - ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს - ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია

„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება.

მისივე თქმით,დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს.

“მე მთელი პარტიის სახელით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ, ეს პოზიცია დავიცვა. ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება ამ გზავნილს. იმის რეალურად დემონსტრირება, რომ გვაქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელ ნაბიჯებზე, ყველა განსხვავების მიუხედავად ზუსტად ისაა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ითხოვდა. ზუსტი გზავნილი იყო, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, არ იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი, ყველა ერთ ყულაბაში აღმოჩნდეს, რაც მმართველ რეჟიმს გაუადვილებდა პროპაგანდას - არა! ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა. ე.ი. ქმედითი იქნება ის კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია, რაც ხალხის ნების გამოხატვის შედეგად შედგება”, - აღნიშნა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი”, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, „არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა“.

ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო