ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ - მნიშვნელოვანი იქნება, პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე

პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე - ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი "ქართული ქარტია" შეაფასა.

მისივე თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა, ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე მომწონს რეფორმები. ყველა რეფორმა, რომელიც ჩამოთვალა საქართველოს პრეზიდენტმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - მე ვიზიარებ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხოლმე თანხმობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. მე სიტყვა ტექნიკური მთავრობა არ მომწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს რეფორმების განმახორციელებელი ხელისუფლება და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მომავალზე, როგორც პოლიტიკურად, ისე რეფორმების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა", - განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი”, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, „არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა“.

ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს