კახა კალაძე - ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი - კითხვაზე, რატომაა კანონი პრობლემური, მისგან პასუხი იყო: „იმიტომ“, ეს საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობაა

ამ ადამიანის [გიორგი მსხილაძის] საცოდაობით დავიწვი - კითხვაზე, რატომაა კანონი პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი „დალოცვილი ადამიანი“ ვერ გამოინახა, ვინც ისაუბრებს იმაზე, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პრობლემური.

„მე დღეს ასევე ვუყურებდი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში ვეტოსთან დაკავშირებით. აი, არ ვიცი, ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს იმას, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში მე არ ვაპირებ შესვლას და პუნქტობრივ განხილვასო. გაუგებარია უბრალოდ. მე ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება და ხედავს რეალობას, თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე.

კონკრეტულად თქვან, რა არის პრობლემური და რატომ. კითხვაზე, რატომაა პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა. გვითხრან რა არის პრობლემა შინაარსში. ამას ვიძახდით ამდენი ხნის განმავლობაში. წარმოუდგენელია, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი დალოცვილი ადამიანი ვერ გამოინახა, ვინც შეიძლება კონკრეტულად, შინაარსზე ისაუბროს და რატომაა გამჭვირვალობა პრობლემური,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია