როდესაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, დღემდე ვერ ამოვიკითხე ვერცერთ განცხადებაში პირობა ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე, რომ ევროპიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და მზად არიან, რომ ქართველი ხალხის მიმართ აჩვენონ ანგარიშვალდებულება. ეს პირიქით აჩვენებს, რომ ამ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს ის თანხები, რომლებიც საქართველოში იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის დაკვეთითა და მისი ეროვნული ინტერესებით და არა რომელიმე ქვეყნის ხალხის ან მათი ლიდერების ინტერესების გათვალისწინებით. პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის ინტერესები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს.
„საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატით თუ მითითებით. ამიტომ, ჩვენ ერთადერთი, ვინც გვაძლევს მითითებას და ვინც გვაძლევს მანდატს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის 80% მომხრეა გამჭვირვალობისა და 60% მომხრეა, რომ იყოს მიღებული კანონი. ამიტომ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის შეკვეთით და დემოკრატია ჰქვია ამას. შესაბამისად, ამ ყველა განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ რამეს ვამბობთ, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება, არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს ან ზოგადად ინტერესებს. ეს თემა - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, არის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც აქ არის საუბარი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებებს და ფულს, მათ შორის, ევროკავშირის დაფინანსებებს, რუსეთის იქნება ეს თუ სხვა ქვეყნების, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინტერესი საქართველოში ფულადი სახით მონაწილეობისა სხვადასხვა პროცესებში. რა თქმა უნდა, ეს თავისი არსით ეწინააღმდეგება ან მინიმუმ დისკომფორტს უქმნის დონორსა და დამფინანსებელს, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესით და არა დონორების ინტერესებიდან გამომდინარე. და მეორე, ყველაზე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ როდესაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებს თუ ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, დღემდე ვერ ამოვიკითხე ვერც ერთ განცხადებაში, პირობა ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე, რომ ევროპიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და მზად არიან, რომ ქართველი ხალხის მიმართ აჩვენონ ანგარიშვალდებულება. ეს პირიქით, აჩვენებს მოტივაციას, რომ ამ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს ის თანხები, რომლებიც საქართველოში იხარჯება და ჩვენ ვიცით დადასტურებულად, რომ ამ თანხების ნაწილი იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, რაც არის კონსტიტუციის და კანონების გვერდის ავლა. ვიცით დანამდვილებით, რომ ფარული თანხები იხარჯება რადიკალური ჯგუფებისთვის, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციისა და "კანვასებისთვის" და ა.შ. ეს ხომ ვიცით, საზოგადოებამ ხომ იცის და ამიტომაც არის ეჭვი, რომ ამ შტურმის და კამპანიის ერთ-ერთი მოტივაცია არის, როგორც აქამდე იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ფარულად, მოსახლეობისგან დამალულად დაეხარჯათ თანხები და რომ ეს შესაძლებლობა აღარ იქნება ამ კანონის მიღების შემდეგ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
„პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან", - ნათქვამია წერილში.