სანდრო რაქვიაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება ცუდი გზის დასაწყისია

„გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მაღალი ალბათობით, დღეს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, თუმცა, იმედოვნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე უარს იტყვის.

როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის და მათ შორის, „გირჩის“ ამოცანაა, ქვეყანა ისევ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს.

„მაღალი ალბათობით, ვეტო დაიძლევა. ბუნებრივია, სანამ კენჭისყრის შედეგები არ დაიდება, იმედი მექნება, რომ „ქართულ ოცნებაში“ მოიძებნება ხალხი, ვინც ამ ყველაფერზე უარს იტყვის. თუმცა, რომ გითხრათ, ამის განსაკუთრებული იმედი მაქვს, ასე არ არის. დაველოდოთ შედეგებს. ბუნებრივია, დღეს პოზიციას დავაფიქსირებთ. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ბოიკოტში იყვნენ, შემოვლენ იმიტომ, რომ საბოლოოდ, ბოლო ეტაპია, როცა პოზიცია შეიძლება დაფიქსირდეს, თუმცა, ამ კანონის ამოქმედება ჩემი აზრით, ბოლო არ არის, პირიქით, ცუდი გზის დასაწყისია. „ქართული ოცნება“ გვაიძულებს, რომ ამ გზას დავადგეთ. ოპოზიციის და მათ შორის, „გირჩის“ ამოცანა იქნება, ამ გზიდან შემოვატრიალოთ ქვეყანა და ისევ ევროინტეგრაციის გზაზე დავაბრუნოთ“,-განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ნათელი მაგალითი, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა შეიცვალოს.

„ეს კანონი არ არის მაინც და მაინც ტირანიის გამოცხადება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულება უნდა შევცვალოთ. მარტო ვიწროდ კანონს რომ შეხედო, შესაძლოა, ტრაგიკული წარმოდგენები არ გქონდეს, მაგრამ რეალურად, თუ ხვდები, რომ ეს კანონი არის ევროპასთან, აშშ-სთან ჩხუბის და საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთისკენ შემოტრიალების კანონი, ბუნებრივია, ამას ნეგატიური შეფასებები მოჰყვება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გარდა ამისა, მან საერთაშორისო პატრიოტების მხრიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები ნამდვილად მოსალოდნელია. სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, ევროკავშირის რეაქციის პროგნოზირება რთულია იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების რთული მექანიზმი აქვთ.

„პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, დავაკვირდეთ და დავინახავთ. აშშ-ის შემთხვევაში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად არის და მათი მხრიდან სანქციები ნამდვილად მოსალოდნელია. ეს უკვე დაანონსებულიც არის. შესაძლოა, ევროკავშირმაც გააკეთოს მსგავსი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე და აღნიშნა, რომ თუ არ გაიხსნება დისკუსია, პარტია „ქართული ქარტის” ხელს ვერ მოაწერს.

როგორც რაქვიაშვილმა განაცხადა, თუ იქნება კონკრეტიკა და დისკუსია, „გირჩი“ შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს.

„ჯერ დისკუსია არ დაწყებულა. ამ საკითხთან არაფერ შუაში არ არის პრეზიდენტთან ჩვენი დამოკიდებულება. ვინც არ უნდა იყოს, თუ საქმეს აკეთებს, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ. ჩვენ ვერ მოვაწერთ შეთანხმებას ხელს, რომლის შინაარსი არ გვესმის. უცნაურადაც გამოიყურება, ჩვენმა კოლეგებმა თქვეს ხელს მოვაწერთო და მერე დაიწყეს იმის განხილვა, თუ რა წერია დოკუმენტში. ჩვენ ასე არ ვიქცევით, ჩვენი ინტელექტუალური შიდა დისციპლინა გვაქვს. ამიტომ, თუ დისკუსია დაიწყება, რომ წერია დაიწევა ბარიერი, იქ რომ ბუნებრივი ბარიერით დაიწეროს, ჩვენ ბევრ რაღაცაზე შეიძლება კომპრომისზე წავიდეთ. თუ 4,5% დაიწერება, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს დაწევა. ამიტომ, კონკრეტიკაა საჭირო. არის პუნქტები, რომელსაც საერთოდ არ ვეთანხმებით. მთავრობა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და პარლამენტი ერთი წელი ბუტაფორიად უნდა იქცეს, ასეთი რაღაცები არც კი მესმის. ამიტომ, თუ დისკუსია გაიხსნება და პრინციპული ცვლილებები შევა ამ დოკუმენტში, სიამოვნებითაც შეიძლება შევუერთდეთ, მაგრამ თუ დისკუსია არ გაიხსნა, ჩვენ ასეთ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერთ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო