დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა, საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართველი იანუკოვიჩი“ მიხეილ სააკაშვილია და ის დღეს ციხეში ზის.

როგორც დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართველი იანუკოვიჩის“ მიზანია, რომ ქვეყანა ქართველი გარეშე დარჩეს და ის თავისთვის გადაიფორმოს.

„ამ კანონის შემოღებით თქვენ აღარიბებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენს თანამოქალაქეებს. უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მოუწევს ქვეყნის დატოვება, რათა უბრალოდ თავი ირჩინოს. ალბათ ვითომ ბრძენი ადამიანის, ქართველი იანუკოვიჩის მიზანი ესაა, რომ ქვეყანა დარჩეს ქართველი გარეშე და ქვეყანა თავისთვის გადაიფორმოს, მაგრამ ასე არ მოხდება. ეს ახალგაზრდები, ფანტასტიკური ადამიანები გამოვლენ და გეტყვიან, არა „რუსულ კანონს“, არა რუსულ რეჟიმს. აუცილებლად მიიღებთ პასუხს ამ ადამიანების მხრიდან.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, უარი თქვით „რუსულ კანონზე“. რა ზღაპრებიც არ უნდა მოგიყვეთ ქართველმა იანუკოვიჩმა, „ბიძინა იანუკოვიჩმა“ თქვენ, რა დიადი იდეებიც არ უნდა ჰქონდეს, ამას არასდროს სისრულეში არ მოიყვანს, ვერ მოიყვანს. არც და ვერც აფხაზეთს დაუბრუნებს ბიძინა იანუკოვიჩი საქართველოს. მის პირობებში ეს ასე არ მოხდება, რადგან ის არის კოლაბორანტი და აქედან გამომდინარე, ნუ გაჯერებთ ამ ტყუილებს, ამ ზღაპრებს. როგორც გადააგდო ქართველი ხალხი არაერთხელ „ბიძინა იანუკოვიჩმა“, ისე გადაგაგდებთ თქვენც. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ: არ მიიღოთ „რუსული კანონი“!“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას შეახსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტობის დროს უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვიჩი, თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა, უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა, როდესაც პრეზიდენტი იყო. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის დღეს ციხეში ზის და მას მიხეილ სააკაშვილი ჰქვია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი