დიმიტრი ხუნდაძე - გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება

„გამჭვირვალობის კანონის“ პირველი დაინიცირებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. დონორების მხრიდან, კანონის გარეშე, გამჭვირვალობის გაუმჯობესების დაპირების დარღვევამ, მისი ხელახლა შემოტანა გახადა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, მშვიდობის უზრუნველყოფას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება.

„საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ ჩვენს ოპონენტებს ნიკოფსიიდან-ვაშინგტონამდე ერთი არგუმენტი მაინც მოეყვანათ, რომ კანონის რუსულობა დაემტკიცებინათ და რაღაც განმარტება მაინც გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ განმარტეს. რატომ? იმიტომ!

არც საზოგადოებას მისცეს მეტის ცოდნის საშუალება; „არ წაიკითხო და გააპროტესტეთო". მორჩილებით შეპყრობილები, დღემდე არ კითხულობენ და აპროტესტებენ, მხოლოდ არ იციან - რას და რისთვის. აი, ვისთვის - ეს კარგად იციან. კუბილიუსმა გვითხრა, ვენეციამ მოგვწერა და ბლინკენი დაგვემუქრაო.

პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილებით თავდამსხმელები თავისუფლებისთვის თავდადებულებად გამოაცხადეს.

წინა ხაზზე მებრძოლი 2 ამერიკელი, 1 რუსი და ერთიც მოლდოველი ვითომ საქართველოს სუვერენიტეტს სამართალდამცველებისგან „იცავდა" და უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისამთავრობო მიტინგიდან ამაყად გამოდიოდნენ და აქეზებდნენ ქართველ ახალგაზრდებს; „უკრაინაში ასე ვქენით და მაიდანი გამოგვივიდაო“,

გამჭვირვალობის კანონმა 2 ინიცირება, 3 საკომიტეტო მოსმენა და 3 სასესიო განხილვა გაიარა. მის ამოქმედებამდე ცოტა დარჩა, მაგრამ კანონპროექტი უკვე მუშაობს. საზოგადოებისთვის ყველა ხილული გახდა - მტერიც და მოყვარეც, მცოდნეც და უცოდინარიც, მკითხველიც და უკითხავიც, მშვიდობის მოყვარულიც და ომის მოსურნეც.

იყო თავდასხმები, შეურაცხყოფაც, ბულინგიც, შვილებისა და მშობლების მტრად გადაკიდების მცდელობაც. რატომ? იმიტომ!

პრემიერსაც კი დაემუქრნენ, მაგრამ მიუხედავად ამდენი ზეწოლისა, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს არაფერი გამოუვიდათ - საქართველოს პარლამენტმა ქართული კანონი 3 მოსმენით დაამტკიცა.

ბრაზმორეულმა დამკვეთებმა პრეზიდენტი იხმეს, რომელმაც კანონს ვეტო ვენეციის კომისიის დასკვნამდე დაადო, ხოლო არგუმენტად სწორედ ეს, მერე დაწერილი დასკვნა წარმოადგინა, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რეპუტაცია ემსხვერპლა. რატომ? იმიტომ!

ამ ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა დაძლევს. რატომ? იმიტომ, რომ ის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, მშვიდობის უზრუნველყოფას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება.

რამდენიმე დღეა პარტნიორებმა შემოგვითვალეს, თუ სუვერენიტეტს არ დათმობთ, საზოგადოებას სიმართლეს ეტყვით, ერისა და ბერის ერთობას თავს არ დაანებებთ, დაგასანქცირებთო. თუ დამორჩილდებით, მაშინ ფულს მოგცემთ, ვიზებს და თვითმფრინავის ბილეთებსო. ეს რომ გავიგე, გათენებას ველოდი, რომ მეთქვა - სამშობლო არ იყიდება-მეთქი. ჩვენი წინაპრები რომ ასე მოქცეულიყვნენ, 3000-წლიანი ისტორია არ გვექნებოდა. როგორც ვიცი, ასე ფიქრობს მმართველ გუნდში უკლებლივ ყველა. და თუ ოპოზიციას ვიზა, ბილეთები და ფული ურჩევნია, საზოგადოება ნუ იდარდებს, ისინი საბედნიეროდ ცოტანი არიან და გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან.

დღეს მიღებული ქართული გადაწყვეტილებით, ხალხს ბევრად მეტი სიმართლე ეცოდინება, ვიდრე იცოდა აქამდე. აგენტურას კი ნაკლები შესაძლებლობა ექნება, რომ ქვეყანა სხვის ინტერესებს ანაცვალოს.

ახალგაზრდებს კი, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ჰგონია, რომ საკუთარ ენერგიას სამშობლოსათვის ხარჯავს, მინდა ვთხოვო, რომ საკუთარ გულწრფელობას ფუჭად ნურც თქვენ გახარჯავთ და ნურც სხვას გამოაყენებინებთ.

რთულია ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ცეცხლსაშიშია ჩვენი რეგიონი.

დღეს ომის მსურველები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მშვიდობის მომხრენი და საქართველოსაც ცეცხლში ექაჩებიან. ჩვენ კი თქვენი სიცოცხლე ომში დასასრულებლად არ გვემეტება და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამას და ვითმენთ ამდენს. მშვიდობა თქვენ და მშვიდობა სრულიად საქართველოს!“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს