პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

თავდაპირველად, კენჭი ეყარა სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84 ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას შეიცავს

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის