შალვა პაპუაშვილი - კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს, შესაბამისად, მე მოვაწერ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინვე გადაიგზავნა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, მას ხელს არ მოაწერს, შესაბამისად თავად მოუწევს კანონზე ხელის მოწერა.

„კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ასე რომ, ველით ახლა ხელმოწერას. დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს, შესაბამისად, მე მოვაწერ ამ კანონს ხელს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც, ამ ორი თვის განმავლობაში, ამ ძალიან მნიშვნელოვან, რთულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გუშინ საბოლოოდ დაადასტურა კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა, მათ შორის, პოლიტიკურ ჯგუფ ევროპელ სოციალისტებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ვინც ამ 2-თვიანი ეპოპეის განმავლობაში, კიდევ ერთხელ აჩვენა, ერთის მხრივ, სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მოდიოდა საქართველოს წინააღმდეგ და დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართ.

ისინი, ვინც მხარი დაუჭრია კანონპროექტს, მხარს უჭერენ, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ფულით გავლენების განხორციელება უნდა იყოს ცხადი, გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ხოლო ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირეს გუშინ ამ კანონპროექტს, მათ მხარი დაუჭირეს, რომ ეს არ იყოს ცხადი, არ იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს არავინ ჩააბაროს ანგარიში, არცერთმა უცხოელმა, ისე შემოვიდეს და განახორციელოს საკუთარი გავლენები. გუშინ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის მხარეს და არა ქართველი ხალხის მხარეს. ამან კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან და დგას უცხო ქვეყნებისა თუ ძალების მხარეს და არა საქართველოს და ქართველი ხალხის მხარეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უცნაური და არასწორი იყო ის რეაქცია, რომელიც უცხოელი აქტორების მხრიდან ვიხილეთ.

„უცხოელი აქტორების რეაქცია აშკარად გადაჭარბებული იყო და აშკარად ერთადერთს უწყობდა ხელს, რომ წაეხალისებინა აქ ემოციები, ნაცვლად საღი და რაციონალური მსჯელობისა. მათ შორის უცხოელი აქტორების განცხადებებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიული დისკუსიის პროცესი ჩახშობილიყო და ამ აზრის გაცვლის ნაცვლად, გვქონოდა ემოციური პროტესტი, რომელიც, რიგ შემთხვევაში, გადადიოდა ძალადობაზე, მათ შორის პარლამენტზე შტურმში.

ამ ორი თვის განმავლობაში ამდენი აქტორი გამოეხმაურა სხვადასხვა დონეზე ამ კანონპროექტს და რატომღაც მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში, არცერთმა უცხოელმა აქტორმა არ გამოთქვა მზაობა, რომ თავად იყოს გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე. სამწუხაროა, რაც ორი თვის განმავლობაში ვიხილეთ, არაგულწრფელი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რიგ შემთხვევაში, ქედმაღლური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რომ, თითქოს, არასრულფასოვანი ხალხი ვართ და ის რა გამოწვევაც სხვას აქვს, ჩვენთვის გამოწვევა არ უნდა იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო