კახა კალაძე - გვეუბნებოდნენ, რომ 2022 წელს სტატუსის არმიღებით ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები - ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს!

მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო - ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მიმართა საზოგადოებას და უთხრა, რომ ხელისუფლებას და მოსახლეობას „ერთმანეთთან არაფერი არ გვაქვს დასაპირისპირებელი“.

„ამ ხნის განმავლობაში არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, რომ სანდო პარტნიორი ქვეყანაა. დღესაც მზად ვართ მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი მეგობრობა. შეუძლებელია ცალმხრივად რაიმეს გაკეთება. საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირნათლად შეასრულოს წარმოდგენილი 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტატუსის დროს. გავიხსენოთ ყველამ პოლიტიკურად რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ისევ და ისევ ქვეყნის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კანდიდატის სტატუსის გამოყენება; ამ პროცესებით მანიპულირება, რომ ქვეყანაში გამოეწვიათ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ა.შ.

მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. პირიქით, ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ იმ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე არ მოგვანიჭეს და უამრავი სპეკულაციები მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხელისუფლების ბრალი ყოფილიყოს ეს ყველაფერი. აქაც ეს მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო მაშინ, როდესაც ყველა პარამეტრებით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაჩაგრეს. მაშინ ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებით ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს. ამიტომ, ამგვარი სპეკულაციები და ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ყოველთვის უნდა ვესაუბროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სიმართლე და ყოველთვის უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე. ამაზე საუბარიც არ უნდა მოგვერიდოს. ყველა პრობლემაზე, რომელიც არსებობს, მიღწევებზე, წარმატებებზე.

მჯერა, ბევრი მათგანი, ვინც ამ დღეების განმავლობაში აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონპროექტს, დაფიქრდება და საკუთარ თავს დაუსვამს ერთ მარტივ შეკითხვას - გამჭვირვალობა, ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც უცხოეთიდან 20%-ით ფინანსდება, წლის განმავლობაში ერთხელ წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია და საზოგადოებას უთხრან, ვისგან მიიღეს თანხა და რაში დაიხარჯა, ამიხსნას ვინმემ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოდიოდეს წინააღმდეგობაში ევროპასთან, ევროპულ მომავალთან და ევროპულ ღირებულებებთან. წარმოუდგენელია უბრალოდ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ ანალიზს, რეალურად რა ხდება, რა პროცესები მიდის და რასთან გვაქვს საქმე. მჯერა იმის, რომ ქვეყანა იქნება ამ პროცესების შემდგომ კიდევ უფრო ძლიერი, ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება და რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკით უფრო მალე და ღირსეულად მოიპოვებს იმ ოჯახის წევრობას, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო