ირაკლი კუპრაძე - ჩინურ კონსორციუმს განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვს

ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ამ ხელისუფლების რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების ბოლო წერტილია, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკაა ის ფაქტი, რომ ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

“მინდა ნათლად და ცალსახად ვთქვა! ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს განცხადებები - "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში"?!

დიახ, სწორედ ანაკლიის ჩაგდება იყო პირველი ნათელი გზავნილი, რომ რუსული მთავრობა და რუსული ძალები მართავს ამ ქვეყანას. დღეს ჩვენ ყველა ნათლად ვხედავთ რეალობას. გავრილოვი, რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰესბოლას“ გვერდით დგომა, დიახ, ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით - ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ბოლო წერტილია ამ ხელისუფლების რუსული გეოპოლიტიკური ზრახვების.

მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, რაში გაიცვალა ღია და გამჭირვალე დასავლური ინვესტიცია:

ეს ჩინური კონსორციუმი (CCCC) არის მულტინაციონალური საინჟინრო და სამშენბლო კომპანია, რომლის 63.8%-იან წილს ფლობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. (აქციონერები არიან Merrill Lynch, BlackRock და JPMorgan Chase).

მათ განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად:

2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს გზებისა და ხიდების პროექტებში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა.

ეკვადორში, CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, თუმცა ობიექტების 80 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი დარჩა, სტრუქტურული ხარვეზების გამო.

2018 წელს ბანგლადეშმა CCCC-ის შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობისთვის.

2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC სარკინიგზო პროექტი კორუფციისა და overbilling-ის (ზედმეტის გადახდევინების პრაქტიკა) გამო.

2018 წელს CCCC-ს შვილობილი კომპანია კენიაში ამხილეს, რომ ადგილობრივ მუშახელს ჩინელი მუშახელის ანაზღაურების მესამედს უხდიდნენ.

2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიების“ სახელები, რომელთა სიაში CCCC იყო.

და ისევ, ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს მის გახვევას. “ოფშორების” კანონით დაწყებული საერთაშორისო მაქინაციებში ეჭვმიტანილი კომპანიებით დამთავრებული. ღრმა კომუნიზმში ვბრუნდებით! მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

თუმცა არ გაუვათ! საქართველოს თავისუფლებისთვის ასიათასობით ახალგაზრდა იბრძვის. რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ”, - აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო