ოთარ შამუგია - წლის ბოლოს პირველად გახდება ხელმისაწვდომი  საქართველოს მიწის ფონდის შესახებ  ერთიანი ბალანსი

წლის ბოლოს პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიწის საფარის დეშიფრაცია უკვე განხორციელებულია 2 მლნ ჰა-მდე ფართობზე.

“ქვეყნისთვის მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი და განახლებადი ინფორმაციის წარმოება წარმოადგენს მიწის რაციონალური გამოყენების, მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის გატარების აუცილებელ წინაპირობას. ჩვენ დავიწყეთ მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება. ქვეყნის მასშტაბით მიწის საფარის დეშიფრაცია უკვე განხორციელებულია 2 მლნ ჰა-მდე ფართობზე, და ამ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით დავასრულებთ წლის ბოლომდე, რომლის შედეგად, პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი და მიწის რესურსებზე (მიწათდაფარულობა და მიწათსარგებლობა) ერთიანი, ზუსტი, ერთგვაროვანი გეოინფორმაციით სარგებლობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპის დანერგვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია და სხვადასხვა უწყებასთან განხილვის პროცესშია საქართველოს კანონის პროექტი „საძოვრების მართვის შესახებ“, რომელიც შექმნის საძოვრების მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძველს. შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქტიულობის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა ფერმერების მხრიდან. პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ფერმერებმა იჯარით მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 17000 ჰა-მდე საძოვარი.

სიტყვით გამოსვლისას, ოთარ შამუგიამ აგრარულ დარგის განვითარებისთვის აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანაში აპრობაცია გაიარა და დაინერგა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემები, შეიქმნა კვალიფიციური სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ფერმერებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაბამისი მიზნობრივი პროგრამებით, თუმცა, პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა ახალი მექანიზმების შემუშავებაზე, როგორიც არის მაგალითად მწარმოებელთა ორგანიზაციები და მწარმოებელთა ჯგუფები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების რეგულირების, წარმოების დაგეგმვისა და მიწოდების თვალსაზრისით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, შამუგიას თქმით, 2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის, სულ მცირე, 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

„ისტორიული მომენტი გახლდათ, როდესაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, დამტკიცდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც იდენტიფიცირებულია ღონისძიებები და საჭიროებები რაც აუცილებელია რეკომენდაციების აღსრულებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას. 2024 წელს დაიწყება კონკრეტული აქტივობები სოფლის განვითარების სააგენტოს ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნის მიმართულებით, რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.

მინისტრის განცხადებით, დღეს მეორე მოსმენით მოხდა განხილვა და მხარდაჭერა კანონპროექტის, რომელზეც აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და მომზადდა „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის“ პროექტი, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან დაახლოების გზაზე.

„რა თქმა უნდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარგში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად, აქტიურად გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო ღირებულების ჯაჭვის თითოეული კომპონენტის მიზნობრივ მხარდაჭერას. მთავრობამ უკვე დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 88 სხვადასხვა აქტივობა და რომლის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარზე მეტია. შედეგად, 2024-2027 წლებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იგეგმება და 2027 წლისთვის სულ მცირე 24 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო