კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება

სოფელ ჩარგალში მეწყრული პროცესების განვითარების მიუხედავად ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, სააგენტო ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ 27 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩარგალში ჩავიდნენ და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მდგომარეობას გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომლებმაც მდგომარეობა შეაფასეს და წინასწარი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმსა და მის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება.

„გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპირისპიროდ, მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება.

2024 წლის 26 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ხანგრძლივი წვიმისა და მდინარე ჩარგლურას ადიდების შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც დააზიანა სახლ-მუზეუმის სიახლოვეს, მდინარე ჩარგლურას მარჯვენა მხარეს, კალაპოტის ნაპირსამაგრი ჯებირი და სახლ-მუზეუმთან დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა ნაწილი.

27 მაისს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მდგომარეობას. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომლებმაც უკვე შეაფასეს მდგომარეობა და, წინასწარი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმსა და მის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოები.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, პირველივე დღიდან, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში მონაწილეობს მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაიტბორა ნაკვეთები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და ხიდ-ბოგირები. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე გააქტიურებულია მეწყრული პროცესები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო