ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2024

რას აპირებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონის ამოქმედების შემდეგ

“არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს პერიოდი ქართველ ხალხს კოშმარივით დააწვება” - იგორ კვესელავა

“ჯერ კიდევ არის დრო...” - რა გამოხმაურებები მოჰყვა ვეტოს დაძლევას დასავლეთიდან

* * *

რას აპირებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონის ამოქმედების შემდეგ

“28 მაისს “გავლენების კანონის” საბოლოოდ მიღების შემდეგ, რა პროცესები შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს? რას აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები? უკვე ცნობილია, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლები და ონლაინ მედია გამომცემლები, რომლებიც დონორების მიერ ფინანსდებიან, კანონს არ დაემორჩილებიან და რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, არჩევნებისთვის ემზადება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქარტიის ირგვლივ ერთიანდება. რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი 5 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. უარის შემთხვევაში, კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. კანონის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2 თვეში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა” რეესტრი უნდა შექმნან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას აპირებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონის ამოქმედების შემდეგ / “არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, ამიტომ ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს”.

“რეესტრის ამოქმედებიდან 1 თვის (კანონის ამოქმედებიდან 90 დღის) შემდეგ, რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციებს დაეკისრებათ ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დეკლარაცია დახარვეზდება, ორგანიზაციას აქვს 1 თვიანი ვადა მის გამოსასწორებლად. თუკი ორგანიზაცია ამ ვადაში ხარვეზს ვერ აღმოფხვრის, გათვალისწინებულია ჯარიმა, თავდაპირველად, 10 000 ლარის, ხოლო შემდეგ - 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვის რა პოზიცია ჰქონდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ნათლად გამოჩნდა, ვინ რომელ მხარეს დგას. მისი შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აღმოჩნდა არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის მხარეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ფულით გავლენების განხორციელება უნდა იყოს ცხადი, გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისთვის. და ვინც მხარი არ დაუჭირა გუშინ ამ კანონპროექტს, მხარი დაუჭირეს იმას, რომ ეს არ იყოს ცხადი, არ იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს არავინ ჩააბაროს ანგარიში - ისე შემოვიდნენ და ისე განახორციელონ თავიანთი გავლენები უცხოელებმა. გუშინ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის და არა ქართველი ხალხის მხარეს. ეს იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან და დგას უცხო ქვეყნებისა თუ ძალების და არა საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეს”, - აღნიშნა პაპუაშვილმა. პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა მელია შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს მოახლოებულ არჩევნებში ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ ახლა ყველა 26 აქტომბრის არცევნებისთვის უნდა დაირაზმოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან მალე ჩვენ უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე, რომელსაც ელექტორალური ბრძოლის ველი ჰქვია, მოვიდეთ ყველა პოლიტიკაში ჩართული ადამიანი ყველა ცოცხალ ადამიანთან და მოხდეს დარაზმვა კონკრეტული კალენდარული დღისთვის. იწყება მძიმე პოლიტიკური პროცესი, სადაც ავანგარდში, მათ შორის, პირველ რიგში, პოლიტიკოსები გამოვალთ და წარვდგებით საზოგადოების წინაშე იმ პლატფორმებით, რაზეც შევთანხმდებით და ამომრჩეველს ექნება, ჩემი ღრმა რწმენით, რამდენიმე არჩევანი ოპოზიციური ველიდან გასაკეთებელი. მთავარი ამოცანაა, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ამის გარშემოც იყოს ერთობა და როგორც ჩანს, ეს ერთობა აუცილებლად გარდაუვალი იქნება”, - ამბობს ნიკა მელია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, რაც ახლა მესამე სექტორმა უნდა გააკეთოს, ეს არის დაუმორჩილებლობა და რეესტრში დარეგისტრირებაზე უარის თქმა”, - დასძენს გამოცემა.

“არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლად მეც ვითვლები, ამიტომ ვაპირებ “ოცნებას” მშვიდობიანი წინააღმდეგობა გავუწიო. იგივეს მოვუწოდებ სხვა დანარჩენ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ალბათ იქნებიან არასამთავრობოები, რომლებიც ამ კანონს დაემორჩილებიან, მაგრამ საიდან მოიტანენ ამ ფულს, საინტერესო ეს არის. ეს არის უკანონობა, რომლის მიხედვითაც “ოცნების” ხელისუფლება ებრძვის თავის მეგობრებს და მტრად ასახელებს. 30 წელია საქართველოს ვემსახურები და გამოდის, რომ ჩვენი დაღუპული ბიჭების ნეშტს რომ გადმოვასვენებდი-ხოლმე, უცხო ქვეყნის საქმეს ვაკეთებდი. არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, ამიტომ ოპოზიცია თავის მხრივ ამ მუხტის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს, რომელიც საზოგადოებაში პროტესტის სახით არსებობს. აუცილებელია, რომ ხალხს გააგებინონ ამ არჩევნებს რამხელა დატვირთვა აქვს და ის უნდა დამარცხდეს. საქართველო სულ ცოტა 10-15 წელს დაკარგავს, თუ “ოცნება” ისევ გაიმარჯვებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კარგია, რომ რაღაცა პლატფორმა არსებობს, რომელიც საზოგადეობას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. ოპოზიციამ შეიძლება ამაზე იმუშავოს, ეთანხმებიან თუ არა. ეს პლატფორმა ოპოზიციის გართიანებას არ გულისხმობს და ეს კარგია. წამოიჭრა აზრი, რომ ნაციონალური მოძრაობა ცალკე იყოს და ესეც კარგია. ამ პარტიას გარანტირებული მინიმუმ 15% მაინც აქვს. ამიტომ არ უნდა იეჭვიანოს და სააკაშვილის მხრიდან საუბარი გაერთიანებაზე არ უნდა გაითვალისწინონ. ეს პრიქით, “ოცნებისთვის” იქნება საჩუქარი. ამით მხოლოდ ოპოზიციის საქმე ზიანდება. მთავარია ცალკე 5%-ის გადამლახავი იყო ერთდროულად რამდენიმე პარტია. რაც შეიძლება ცოტა პარტიები დარჩეს 5%-იანი ბარიერის მიღმა, რათა ხმები ისევ “ოცნებასთან” არ წავიდეს. შესაბამისად, საჭიროა გონივრული ცენტრების შექმნა, რომელიც მეტ-ნკლებად ამ ბარიერს მიუახლოვდებიან. თუ ასეთი 4-5 პარტია მაინც პარალმენტში მოხვდება, “ოცნება” ძალიან შებოჭილი იქინება. ამით “ოცნება” მარტო მთავრობის ჩამოყალიბებას ვეღარ მოახერხებს. აი, ეს უნდა იფიქროს ახლა ოპოზიციამ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება დასავლეთიდან წამოსულ ქმედებებს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ევროპაც და ამერიკაც არჩევნებამდე რაიმე ხისტი ქმედებებისგან თავს შეიკავებს. თუ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა “ოცნებას” აღარ გამოუცხადა ნდობა, რა თქმა უნდა, სანქციები არ იქნება. ხოლო თუ ისევ “ოცნება” დაბრუნდა ხელისუფლებაში, მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს პერიოდი ქართველ ხალხს კოშმარივით დააწვება” - იგორ კვესელავა

“რადგან ეს პროცესი დაიწყო, ის გაგრძელდება და მიიღებს უფრო მკვეთრ გამოხატულებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. არჩევნებამდე კი “ოცნება” იმ ხმებსაც დაკარგავს, რომელიც ახლა აქვს”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც “რეზონანსი” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მძიმე რეალობა კარგა ხანია დგას და ეს უკვე კულმინაცია იყო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამდენი ხალხის აზრს არ ითვალისწინებს. “არ მესმის, ამას რატომ აკეთებენ. აქ ლაპარაკი ხომ არ არის 100 და 200 კაცზე. აქ საუბარია მთლიან მასაზე. არა მარტო თბილისში მცხოვრებლებზე, არამედ რეგიონშიც. როდესაც ევროპისა და ამერიკის ლიდერები აანონსებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სანქციებს დააწესებენ, ეს ხელწამოსაკრავი არაა. ამიტომ, მათგან მკვეთრ რეაქციებს უნდა ველოდოთ”, თვლის კვესელავა, რომლის აზრით, მთავრობაში რომ მოდის ახალი ხელისუფლება, ადრე დაშვებულ შეცდომებზე უნდა მუშაობდეს, თუმცა ამათთან პირიქით მოხდა და უფრო დაამძიმეს მდგომარეობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს პერიოდი ქართველ ხალხს კოშმარივით დააწვება” - იგორ კვესელავა.

“რაც ახლა საქართველოში ხდება, ასეთი რამ არ მეგულება არც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში. ამრიგად, ჩემი აზრით, რადგან ეს პროცესი დაიწყო, ის გაგრძელდება და მიიღებს უფრო მკვეთრ გამოხატულებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს პერიოდი სამწუხაროდ, ქართველ ხალხს კოშმარივით დააწვება. 2 წლის წინ ვამბობდი, რომ კატასტროფამდე მივალთ-მეთქი და სამწუხაროდ, უკვე მივედით. ვერ გავიგე, ამ ხელისუფლებას რა უნდა. ამბობენ, რომ რუსეთი არა, ქცევებიდან ჩანს, რომ ევროპა და აშშ-ც არა, მაშინ ვინ უნდათ? რა მიმართულებით მიდიან? თქვენ ნახავთ რამხელა წინააღმდეგობებს გამოიწვევს ჩინეთის ახალი წამოწყება, როგორც რუსეთის, ასევე ამერიკისა და ვეროპის მხრიდან. ჩინეთს თავისი ინტერესები აქ... პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს ვინმეს ჰქონოდა. ვინ არის ამაში დამნაშავე? მაინცდამაინც ზურაბიშვილი? არ არის ასე, მით უმეტეს მისი დანაშაული არ სცნო არც ამერიკამ და არც ევროპამ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აშშ და ევროპა ახლა საქართველოს პრეზიდენტის მხარეს დგას. ზურაბიშვილმა დაშვებული შეცდომები გამოასწორა. ის იდეა კი, რაც ახლა მან წამოაყენა, შესანიშნავია. თუ აქამდე ის ჩიტის მდგომარეობაში იყო, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ არწივად გადააქცია, რომელიც ასპარეზზე გამოვიდა და ერის გაძღოლის ფუნქცია აიღო”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“ოცნებამ” საზოგადოება ცალკ-ცალკე დაჰყო და ამის გაერთიანებას ზურაბიშვილი ცდილობს. ამიტომ, მე მივესალმები რეფერენდუმის იდეას. “ოცნების” წევრები ლაპარაკობენ, 80% გვიჭერს მხარსო. საქმე იმაშია, რომ მათ მხარს მათი გუნდელების 80% უჭერს მხარს, 100%-იც არაა. როცა ამას ჰყვირიან, დიდ შეცდომას უშვებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი თანამდებობას ტოვებს, ეს კიდევ გაგრძელდება. ეს რას ნიშნავს? ე.ი. შიგნით რაღაც სერიოზული გარღვევები აქვთ. იაგო კაჭკაჭიშვილი არის შესანიშნავი მეცნიერი, რომელსაც ძალიან სამართლიანი კვლევის მექანიზმები აქვს და ის ამბობს, რომ “ოცნებას” ამხელა ხმების რაოდენობა გამორიცხულია, ჰქონდეს. ხელისუფლებას ახლა მხარს უჭერს დაახლოებით 40%. აქედან 10% სახელმწიფო სტრუქტურებიდანაა. ისინი არჩევნებზე წინ წაგდებული 10%-ით მოდიან. თუმცა თუ ასე გაგრძელდება შეიძლება ამ რიცხვმა კიდევ უფრო დაიწიოს”, - განაგრძობს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “რას ნიშნავს 26 მაისს ირაკლი კობახიძის სიტყვის გამოსვლისას გაკეთებული განცხადება, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს?” - პასუხობს:

“ეს წინასაარჩევნო კამპანია კი აღარაა, არამედ წინასაარჩევნო ტყუილია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ უჭირთ და ასეთ ტყუილებს იგონებენ. არ იცის ამ ადამიანმა, რომ ეს საკითხი რუსეთის გარეშე ვერ გადაწყდება? დავუშვათ რუსეთმა გადაწყვიტა, აფხაზეთის გარეშე ეს ხომ ასე ვერ მოხდება? აფხაზურ-ქართული ურთიერთობა მე ძალიან კარგად ვიცი. გამორიცხულია ასეთ სიტუაციაში აფხაზები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. რას ფიქრობენ ისინი, რომ თუ დასაველეთსა და ამერიკას ჩამოშორდებიან, რუსეთი ამაში დაეხმარება? ჰგონიათ, რომ რუსეთი აფხაზეთის წარმომადგენლებს დაუძახებს, ეტყვის, რომ თქვენ საქართველოსთან უნდა დაბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ყურს აახევს. ეს იარაღის გარეშე შეუძლებელია და როგორ გგონიათ, რუსეთი ჩვენ გამო სისხლს დაღვრის? რა თქმა უნდა, არა”...

“ჯერ კიდევ არის დრო...” - რა გამოხმაურებები მოჰყვა ვეტოს დაძლევას დასავლეთიდან

“გავლენების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ დასავლეთიდან უმწვავესი კრიტიკა გამოიწვია. რა კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება აშშ-სგან და ევროკავშირისგან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კრიტიკა მწვავეა და ამასთან, მიიჩნევენ, რომ “ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად”. “ქართული ოცნების” წევრები საპასუხოდ ამბობენ, რომ “ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესში და მათი დაკვეთით, რომ მას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უცხოურ დაფინანსებაზე”. 28 მაისს ვეტოს დაძლევის მერე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს საკითხი ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დაამატა. მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ჯერ კიდევ არის დრო...” - რა გამოხმაურებები მოჰყვა ვეტოს დაძლევას დასავლეთიდან.

“ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში “გამჭვირვალობის კანონის” მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს. ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამის გამო, საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ”, - წერს შარლ მიშელი. “ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი”. დაანონსებული სანქციების მერე კანონის მიღებას აშშ-ს სახდეპი პირველად გამოეხმაურა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მოწოდებებიც. საქართველოსთან დაკავშირებით მეთიუ მილერს ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის “ქცევა შეიცვალოს” და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა “სადამსჯელო”, არამედ სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი. მილერმა თქვა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. მილერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით”,- განაგრძობს გამოცემა.

“ამერიკამ ასევე დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, როცა ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს”, - განაცხადა მილერმა. კანონის მიღებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამოეხმაურა. “ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს”, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი. მისი თქმით, ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად”,- დასძენს გამოცემა.

გამოხმაურება იყო “ჰელსინკის კომისიისგანაც”. “სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს”, - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ “რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა”. “კონგრესში ველით “მეგობარ აქტს” იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში (მეგობარი აქტში) და სხვაგანაც არის გაწერილი”, - აღნიშნულია “ჰელსინკის კომისიის” განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქართველი ხალხის სახელით და მის ინტერესში ვიმოქმედოთ. ეს კანონიც მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესში და მათი დაკვეთით. ასე რომ, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომ მას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უცხოურ დაფინანსებაზე”, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან გაიხსენა საუბრები უცხოელ დიპლომატებთან და ისინი ყალბი დილემებით შანტაჟში დაადანაშაულა. “ზოგიერთი დიპლომატი ჩემთან, სხვა თანამდებობის პირებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: კი მაგრამ, გიღირთ, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს და ამის შემდეგ დამთავრდება თქვენი ევროპული პერსპექტივა? პასუხს აგებთ სააკაშვილი, რომ მოკვდება, რომ თქვენ აღარც კანდიდატის სტატუსი გექნებათ? აი ასეთი პირდაპირი შანტაჟი გვქონდა ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ... ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული კანონი და, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქე, რომელიც თავს მიიჩნევს კანონმორჩილად, ამ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს”, - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ვალდებულებაა საჭირო”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ევროკომისია ღრმად დამწუხრებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე და ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების უგულვებელყოფით, რომელიც მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა, გაუქმებულიყო ეს კანონი. მისი ამოქმედება იწვევს კანდიდატის სტატუსის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი და ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი ცხრა ნაბიჯიდან, სულ მცირე, სამის შემთხვევაში უკუსვლას (დეზინფორმაციის, პოლარიზაციის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროპულ გზაზე... ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ”, - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში. ამასთან, ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა დაიწყო კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირის რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, ივნისში”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო