გრიგოლ გეგელია - პეტერ ფიშერი არასდროს ყოფილა ჩართული „ლელოს“ რაიმე პოლიტიკურ კამპანიაში - ელჩზე თავდასხმა არის გერმანიის რესპუბლიკაზე თავდასხმა

პეტერ ფიშერი არის ძალიან მაღალი კლასის დიპლომატი, რაც იდეაში, კობახიძისნაირმა გაურკვეველმა პიროვნებამაც უნდა იცოდეს - მასზე თავდასხმა არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე თავდასხმა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს არც ერთი ანტიქართული განცხადება არ გაუკეთებია და ის ქართველი ხალხის მხარეს არის, მაშინ როდესაც კობახიძე რუსეთის მხარესაა.

როგორც გეგელია აღნიშნავს, „როდესაც კობახიძე ლაპარაკობს პუტინის, პესკოვის და ლავროვის მესიჯებს, მას ურჩევნია, რომ საკუთარ თავში დაინახოს ის ანტიქართული მავნებლობა, რასაც წარმოადგენს“.

„დღეს მოვისმინეთ კობახიძის კიდევ ერთი პარანოიული ბოდვა. პეტერ პიშერს არ გაუკეთებია არც ერთი ანტიქართული განცხადება, პირიქით, მან ყველა ჯერზე გააკეთა პროქართული განცხადება. ის არის საქართველოს ხალხის მხარეს, მაშინ როდესაც კობახიძე არის რუსეთის მხარეს. პეტერ ფიშერის გარდა, იმავეს ამბობს ყველა პარტნიორი და მეგობარი, ვინც ამ ქვეყანას ჰყავს ან ჰყოლია. როდესაც კობახიძე ლაპარაკობს პუტინის, პესკოვის და ლავროვის მესიჯებს, მას ურჩევნია, რომ საკუთარ თავში დაინახოს ის ანტიქართული მავნებლობა, რასაც წარმოადგენს.

პეტერ ფიშერი არის ძალიან მაღალი კლასის დიპლომატი, რაც კობახიძისნაირმა გაურკვეველმა პიროვნებამაც უნდა იცოდეს იდეაში, ამიტომ პეტერ ფიშერზე თავდასხმა არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე თავდასხმა, ეს არის ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმა და ეს არის ზუსტად იმ რუსული ხაზის გაგრძელება, რომელსაც დღეს ვუსმენდით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბატონი ლავროვი გამოვიდა და თქვა, რომ „გლობალური ომის ძალა“ მართავს უკრაინას. ამ ხელისუფლებას სათავეში უდგანან რუსები, ისინი არიან ქართველების მოძულეები და სწორედ ამიტომ, 4 თვეში გადაიხდიან ძალიან კონკრეტულ ფასს, ეროვნული ღალატისთვის და სახელმწიფოს ღალატისთვის, რასაც ახლა ჩადიან,“ - განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ბრალდებას, რომ პეტერ ფიშერი „ლელოს“ მხარდამჭერია, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში არც ერთი ელჩი არასდროს ყოფილა ჩართული.

„პეტერ ფიშერი არასდროს ყოფილა ჩართული „ლელოს“ რაიმე წინასაარჩევნო კამპანიაში, ისე როგორც არც ერთი ელჩი არ ყოფილა წინასაარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმით ჩართული. პეტერ ფიშერი იყო ჩვენთან ერთად სტუმრად ასურეთში, რომელიც მოგეხსენებათ, არის გერმანელი მიგრანტების მიერ აშენებული ისტორიულად დასახლებული სივრცე. კობახიძეს აქაც პოლიტიკური კამპანია ელანდება. აქ არანაირი პოლიტიკური კამპანია არ ყოფილა. ეს იყო ელჩის ვიზიტი ასურეთის მეგობართა ჯგუფის ფორმატში. ეს იყო მთლიანად სოციალურ-კულტურული ტიპის ღონისძიება. არანაირი პარტიულ პოლიტიკური კომპონენტი ამ დღეს არ ერია,“ - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია, ანტიქართულია. მისი თქმით, გერმანია საქართველოში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.

„გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო