თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი გაიხსნა

თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

4 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები, შეხვდნენ საყვარელ მწერლებს, სხვადასხვა თემებზე ესაუბრონ, გადაიღონ ფოტოები, გამოართვან მათ ავტოგრაფები და სხვადასხვა ფასდაკლებებით ისარგებლონ.

წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებით არის დატვირთული, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორიის და გემოვნების ადამიანის სურვილებია გათვალისწინებული.

როგორც მწერალმა, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეონა დოლენჯაშვილმა განაცხადა, ფესტივალის მთავარი სლოგანი არის - „წიგნით ევროპისკენ“. ის საზოგადოებას მოუწოდებს, ამ დიდ ლიტერატურულ დღესასწაულს შემოუერთდნენ.

„ფესტივალი დღეს იხსნება და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, დატვირთული 4 დღე, ერთგვარი ლიტერატურული დღესასწაული, რომელსაც მკითხველი ყოველ წელს ელოდება. წელს ფესტივალს ძალიან ბევრი სიახლე აქვს. მაგალითად, მოწყობილია ფესტივალის გარე სივრცე, სადაც ვცდილობთ, ადგილობრივ მეწარმეებს დავეხმაროთ. ასევე, პროექტი - „მსახიობები ლიტერატურისთვის“ გრძელდება. ამჯერად, მასში ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ. მეექვსე პავილიონში ისინი საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდებს კითხულობენ. გარდა ამისა, საბავშვო პროგრამა არის ძალიან დატვირთული. გარდა ზღვა ლიტერატურისა, პატარებს სხვადასხვა „ვორქშოპები“ ჩაუტარდებათ. ამასთან, ძაღლსაშენიდან ოქროსფერი რეტრივერი მოგვყავს და ძაღლებთან თამაშიც შეეძლებათ. გარდა ამისა, ფესტივალის დღეები 1-ელ ივნისს ემთხვევა და ეს დღეც ძალიან დატვირთული იქნება. სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები საყვარელი პერსონაჟების თემაზე და ეს გამოფენა მეხუთე პავილიონშია წარმოდგენილი. 2 ივნისს დაჯილდოება იქნება და საუკეთესოებს გამოვავლენთ. ასევე, არის ბლოგერების კონკურსი და საუკეთესო ბლოგერების დაჯილდოებაც შედგება. „ამერიკული განათლების ცენტრი“ წელს ჩვენი პარტნიორი და მონაწილეა, ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აშშ-ში სწავლა სურთ. 4 დღის განმავლობაში ცენტრის წარმომადგენლები უფასო კონსულტაციებს გაუწევენ, თუ როგორ უნდა დაწერონ ესე, თუ როგორ უნდა მოამზადონ დოკუმენტაცია, ვიზის თემებზეც გაუწევენ კონსულტაციას. მთავარ სცენაზე ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროგრამა არის წარმოდგენილი, ასევე, ძალიან ბევრ საინტერესო ავტორთან იქნება შეხვედრა შესაძლებელი. ფესტივალი უკვე 26 წელია იმართება. დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არსებობს და ტრადიციულია. კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წიგნის ფესტივალია. ასიათას ადამიანს რომ აღწევს ვიზიტორების რაოდენობა, ეს უკვე ძალიან ხმამაღალი განაცხადია. წელს ჩვენი სლოგანი არის- „წიგნით ევროპისკენ“. ამიტომ, ჩვენი მოწოდება არის - წიგნით, განათლებით, შემეცნებითა და ლიტერატურით ევროპისკენ. წიგნი გვაერთიანებს და გვაძლიერებს. მოდით, წაიკითხეთ, ჩაერთეთ ამ დიდ ლიტერატურულ დღესასწაულში, ერთად წიგნით ევროპისკენ“, - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

„პალიტრა ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარიამ გიორგაძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წელს ვიზიტორებს თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალზე დახვდებათ.

მისი შეფასებით, ასეთი ტიპის ფესტივალები და ღონისძიებები მნიშვნელოვანია, როგორც საგამომცემლო სივრცისთვის, ასევე, ავტორებისთვის, მწერლებისთვის და თავად მკითხველისთვის.

„ასეთი გამოფენები გვაძლევს საშუალებას, რომ მკითხველთან უფრო ახლოს ვიყოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას კითხულობს ჩვენი მკითხველი, რა ინტერესები აქვს, როგორი გემოვნება. შემდეგ უკვე ცდილობთ, მათ ჩვენი გამოცემები ინტერესებს მოვარგოთ. გარდა ამისა, ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წლიური ანგარიში და განსაკუთრებით ვემზადებით. ფესტივალისთვის მზადებას იანვრიდან ვიწყებთ და ვარჩევთ გამოცემებს, რა შეიძლება ჩვენს მკითხველს წარვუდგინოთ. ამ გამოცემებში ვარჩევთ როგორც კლასიკოს ავტორებს უცხოეთიდან, ასევე ქართველ კლასიკოს ავტორებს. ძალიან დიდი რუდუნებით ვარჩევთ ქართველ ავტორებს და მწერლებს, რომ ჩვენს მკითხველს გავაცნოთ. ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ლიტერატურის განვითარების, ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას, რადგან აქ ხდება არა მხოლოდ წიგნის შეძენა, არამედ სხვადასხვა საუბრები, პრეზენტაციები, ღონისძიებები“, - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

მისივე განმარტებით, ასეთი ფესტივალები ხელს უწყობს წიგნიერების გავრცელებას, რადგან ძალიან დიდი ფასდაკლებები და შეთავაზებებია.

„შესაბამისად, წიგნი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება მკითხველისთვის. მინდა გამოვყო იკითხე ქართული XXI სერია, რომელიც სულ რაღაც 1 წელია რაც დავიწყეთ და ამ გამოცემაში თანამედროვე ქართველ ავტორებს ვაერთიანებთ. წელს საფესტივალოდ განსაკუთრებული სიახლეები გვაქვს ამ სერიაში, სადაც სხვადასხვა ქართველი ავტორის უახლოესი ტექსტებიაის წარმოდგენილი. ასევე, მკითხველის მიერ შერჩეული სერია „15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ აქტიურ რეჟიმშია. 5 წიგნი უკვე თავად მკითხველმა შეარჩია, დანარჩენი 10 წიგნის არჩევა მიმდინარეობს და მკითხველი აქტიურად აფიქსირებს საკუთარ აზრს, გემოვნებას. ის 5 წიგნი, რომელიც თავად მკითხველმა შეარჩია და ჩვენ გამოვეცით, ფესტივალზე სპეციალურ ფასად არის წარმოდგენილი. ამასთან, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, ეს პროექტიც თავად მკითხველმა შეარჩია და ამ სერიის განსაკუთრებული შეთავაზება დახვდებათ ფესტივალზე მოსულ ადამიანებს. „პალიტრა კლასიკა“, რომელიც არასდროს კარგავს ინტერესს და აქტუალობას. აქ მსოფლიო დონის ბუმბერაზი ავტორები არიან გაერთიანებული. არაჩვეულებრივი გამოცემა არის და ამ გამოცემასაც სპეციალური შეთავაზება ექნება. ასევე, მინდა გამოვყო თინეიჯერებისთვის გამოცემა, რომელსაც ასეთი სლოგანი აქვს - „შენი თაობის არჩევანი“. თინეიჯერები თავად კითხულობენ წიგნებს ორიგინალში და შემდეგ უკვე ჩვენ გვთავაზობენ, თავიანთი ინტერესების მიხედვით წიგნები ქართულ ენაზე გამოვცეთ. წიგნს და ლიტერატურას ძალიან დიდს ძალა აქვს. გამოცემა „პალიტრა L“ -ის მთავარი სლოგანი წლის განმავლობაში არის ის, რომ წიგნი არის საუკეთესო საჩუქარი. იმ სიბრძნესა და გამოცდილებაზე უკეთესს, რაც წიგნში არის, ვერაფერს გავუზიარებთ.

დარწმუნებული ვარ, ყველა გემოვნების ადამიანი თავისთვის საუკეთესო ერთ გამოცემას მაინც აღმოაჩენს იმიტომ, რომ უამრავი სიახლე არის არა მხოლოდ „პალიტრა L“ -ის -ის, არამედ სხვადასხვა საგამომცემლო სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ პატარა მკითხველიც მოვიყვანოთ იმიტომ, რომ სწორედ პატარა ასაკიდან ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება. მეექვსე პავილიონში ბავშვებისთვის ცალკე არის გამოყოფილი საბავშვო სივრცე, სადაც სპეციალურად მათთვის შერჩეული წიგნებია. ასევე, განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს „ლიტბოქსის“ მიმართულებით, ეს არის ლიტერატურული ყუთი. ადამიანები თავისი ინტერესის და ასაკის მიხედვით მონაცემებს გვიტოვებენ ვებგვერდზე და არ იციან წინასწარ, რა ტიპის ლიტერატურა შეხვდებათ. ერთგვარი სიურპრიზი არის, რა დახვდება ადამიანს შიგნით არ იცის, თუმცა, წარმოდგენილი წიგნები არის ყოველთვის სიახლეები. გარდა ამისა, სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ ჩვენი პარტნიორებისგან და ასევე „პალიტრა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიებისგანაც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „საბავშვო კარუსელი“ 20 წლის არის. ამიტომ, „საბავშვო კარუსელის“ ცალკე იქნება წარმოდგენილი „პალიტრა L“-ის სტენდით და შეძლებენ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ. აქ არ არის მხოლოდ წიგნის ბაზრობა, ფესტივალი უამრავი ღონისძიებით არის დატვირთული. ამ ფესტივალზე 4 დღის განმავლობაში ოჯახის ნებისმიერი წევრი შეძლებს, დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატაროს“,- განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო