პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას, სახელწოდებით „ე.წ. ოდეერები სკოლებში“ განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა მნიშვნელოვნად აძლიერებს ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და აღნიშნული თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ინფორმაციას, სახელწოდებით „ე.წ. ოდეერები სკოლებში“, რომელშიც გამოთქმულია მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი მოსაზრებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციურ დანიშნულებასთან დაკავშირებით.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2024 წლის 1 ივნისიდან იქმნება ახალი შტატი სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, რომლის მეშვეობითაც შეგროვდება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების შესახებ, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა სახის ინფორმაცია. ეს თანამდებობა კი გამოყენებული იქნება მოქალაქეებზე ზეწოლის, კონტროლისა და მათი დაშინების მექანიზმად.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) ჰარმონიზების მიზნით 2023 წელს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით 2024 წლის 1 ივნისიდან საჯარო და სხვა ცალკეულ დაწესებულებებში სავალდებულოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს.

მითითებული პირის ვალდებულებაა პერსონალური მონაცემების დასაცავად საკონსულტაციო და ექსპერტული რჩევები მისცეს იმ დაწესებულებებს, რომლებიც ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობენ, მათ შორის სკოლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამედიცინო ორგანიზაციებს და ა.შ. აღნიშნული თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. მაგალითად „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მოდერნიზებული 108-ე კონვენციით და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR).

თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავება, აღნიშნულში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ჩართულობა და მის მიერ მისაღები ზომები, იმისგან რადიკალურად განსხვავებული პროცესია, რაც სიუჟეტში იქნა წარმოჩენილი. ოფიცრის ძირითადი დანიშნულებაა არასაჭირო ინფორმაციის დამუშავების პრევენცია, უსაფუძვლოდ მოპოვებული თუ შენახული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოვლენა და მონაცემების ამგვარად დამუშავების შეწყვეტის რეკომენდირება, მონაცემების არაკანონიერად გამოყენების მცდელობის შემთხვევაში მის აღსაკვეთად ზომების მიღება, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და სხვა. ამდენად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის რეკომენდაციები, ყოველთვის მიმართული უნდა იყოს ისეთი სენსიტიური მონაცემების დამუშავების მინიმიზებისკენ ან/და საჭიროების შემთხვევაში მათი წაშლისკენ.

ზემოხსენებული ფუნქციების შესასრულებლად ოფიცერს ესაჭიროება არა ფიზიკური პირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვება, არამედ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე ორიენტირება და სათანადო ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.

გავრცელებულ ინფორმაციაში გაჟღერებული მოსაზრებები დამაზიანებელია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისთვის, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობა უპირველესად აღნიშნული უფლების დაცვას ემსახურება. თანამედროვე ციფრული განვითარების პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულების მქონე ყველა შესაბამისი დაწესებულება სათანადო გულისხმიერებით მოეკიდოს ამ პროცესს და აღნიშნული უზრუნველყოს კანონით დადგენილ ვადაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024