ვახტანგ ძაბირაძე - ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბომბავთ? - კარგი იქნება „ოცნებამ“ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან, იზოლაციაში ვართ

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს.

“კურსი აშკარად შეცვლილია, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ყველა განცხადება,რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ერთი-ერთშია რუსეთის განცხადებებთან. ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს, ეს არის რუსეთი და საქართველო. „ქართული ოცნებისთვის“ ევროსტრუქტურებში ინსტიტუტი არ დარჩა, რომელიც არაპროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, ომის პარტიის მონა არ იყოს. კურსის ცვლილება სხვა რას ჰქვია, არ ვიცი. მაშინ გვითხრან, რა არის კურსის ცვლილება? ის განცხადებები, რომელსაც ლიდერები აკეთებენ, რატომ არის პროდასავლური კურსის შენარჩუნება და რით განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლება რუსული ხელისუფლებისგან? იმით, რომ კიევს არ ვბომბავთ? ეს რეალობა მივიღეთ. ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიკეთისკენ რომ არ მიდის საქმე, ნამდვილად ასეა.

კარგი იქნება ხელისუფლებამ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ჩვენ მივდივართ იზოლაციისაკენ. დასავლურ სამყაროსთან იზოლაციაში ვართ უკვე“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დღეს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

„დღეს, „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ივანიშვილს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, არ დაუშვათ ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება. სულ სამი დაჯგუფებაა: არის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და არიან, რომლებსაც არც ერთი უნდათ და არც მეორე“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე მოსაზრებით, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, შეცდომა იქნება.

ძაბირაძის განმარტებით, სამი ცენტრი თუ იქნება, მაშინ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დამარცხება აღიაროს, რადგან ასეთ შემთხვევაში არჩევნებს ვერ გააყალბებს.

„ერთიანი საარჩევნო სიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ერთიანი სია წამყვანმა პარტიებმა რომც გააკეთონ, ეს იქნება უპრეცედენტო არჩევნები პარტიების მონაწილეობის რაოდენობით. „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომ პროცენტები დაბლა წავიდეს და ბარიერს მიღმა დარჩეს ბევრი პოლიტიკური პარტიები.

ყველაზე კარგი იქნება, თუკი სამი ოპოზიციური ცენტრი იქნება. ისეთი სამი ცენტრი შეიქმნას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედოს გაყალბება. გაერთიანებულ გახარიას პარტიას და „ლელოს“ 4%-ს ვერ დაუწერს. რაღაც პრინციპებზე შეიძლება შეთანხმდნენ. ასეთი სამი ცენტრი თუ იქნება, მაშინ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დამარცხება აღიაროს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო