შალვა პაპუაშვილი - ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ რუსული კანონი თქვათ კიდევ? ამ ამბავმა ხომ ჩაიარა? - მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ „ჩაილურის წყალი“ დალია - კანონი ქართულია

რომელ კანონს? ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ რუსული კანონი თქვათ კიდევ? ამ ამბავმა ხომ ჩაიარა? მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ „ჩაილურის წყალი“ დალია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „რუსულ კანონს“.

პაპუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქართულია.

„ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა რასთან გვაქვს საქმე, ამაზე ახლა ოპოზიცია და „ენჯეოები“ გაბრაზებულები დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, უბრალოდ ისტერიაში არიან ჩავარდნილი. მორჩა, ე.წ. რუსული კანონის ეპოპეამ ჩაილურის წყალი დალია. ეს ქართული კანონია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და რომლის მიზანიცაა, ყველა, ვინც რუსეთის, ან სხვა ქვეყნის დაფინანსებით მოქმედებს საქართველოში, მათი ფინანსები ცნობილი იყოს, ეს არის ყველაზე ქართული კანონი, რომელიც კი ქართულ პარლამენტს მიუღია.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, დიახ, გვქონდა, პოლიტსაბჭოს სხდომა, იცით, რომ მალე წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში შევალთ. დაგეგმვითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ როდის, რა დავიწყოთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“, მას სრულად მხარს უჭერს არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ მსგავს კანონზე საფრანგეთიც მუშაობს, რომელიც უფრო მკაცრია, ან რა განსხვავებაა ქართულსა და ფრანგულ კანონპროექტს შორის, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „განმასხვავებელი ისაა, რომ საფრანგეთი დიდია და ატომური ბომბი აქვს, ჩვენ პატარა ვართ და ატომური ბომბი არ გაქვს“.

„ამიტომ, საფრანგეთს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კანონები და ჩვენ, ზოგიერთს ჰქონია, რომ არ შეიძლება ასეთი კანონი გვქონდეს. ჩვენ ზოგიერთი ზემოდან გიყურებს, შეუმდგარი სახელმწიფო ვგონივართ. ჰგონიათ, რომ აქ თითქმის 4 მლნ ადამიანი ტერიტორიაზე უბრალოდ მოძრაობს, დილით გაიღვიძებს, სამსახურში წავა, დაბრუნდება და ფიქრობს, რომ ჩვენ არ შეიძლება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები, განსხვავებული აზრი გვქონდეს, თუ როგორ გვინდა ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. საკმარისია, რომ 9 რეკომენდაცია გვქონდეს, სახელმწიფომ გაიღვიძოს და დაიძინოს 9 რეკომენდაციაზე მუშაობით, სხვა დანარჩენი, წვრილმანი თემები, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესია, ზოგიერთ ქვეყანას არ აინტერესებს, რომელიც ზემოდან გვიყურებს, სხვათა შორის, ზომის მიუხედავად, მათ შორის, ბალტიის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის აქციაზე დგომაც გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენზე პატარაა ზომითაც და მოსახლეობითაც, რატომღაც ჰგონია, რომ ზემოდან უნდა გვიყუროს და ჭკუა გვასწავლოს. რატომ ჰგონია ეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დღემდე ვერ მივხვდი. ამიტომ არის ეს პრობლემა, ვიღაცებმა თავი შეაფარეს ევროკავშირს, გარანტირებული აქვთ ატომური დაცვის ქოლგა, ევროკავშირის სუბსიდიები, უსაფრთხოება - ყველაფერი გარანტირებული აქვთ, ჩვენ, ამ გარანტიების გარეშე, ომის საფრთხის ქვეშ, ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ 30 წელია და ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცდელობა იყო, ეს ქვეყანა შიგნიდან და გარედან შეერყიათ, ვერავინ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც მათ სურდათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო