საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის ეგიდით, მორიგი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის ეგიდით, პროექტის - „ლექტორის საათი“ ფარგლებში, რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს თემაზე - „კონტენტი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თათა ღლონტი ესაუბრა.

შეხვედრაზე, რომელიც ინტეაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, თათა ღლონტმა ისაუბრა ციფრულ სივრცეში, შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით, კონტენტის არსსა და კრეატიულობაზე, მისი შიგთავსის - ტექსტის, გრაფიკის, მულტიმედიის, ასევე მისი არსებითი პარამეტრების - მოცულობის, რელევანტობისა და აქტუალობის შესახებ, სტუდენტებთან ერთად განიხილა მედიისა და კონტენტკრეატორის როლების მნიშვნელობა კონტენტის შექმნის, ასევე, სამიზნე აუდიტორიის გაფართოებისა და საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.

როგორც მენტორმა აღნიშნა, კონტენტი, რომლის ფორმა და სტრუქტურა სწრაფად ცვალებადი და მუდმივად განვითარებადია, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით ადამიანებამდე აღწევს და მათთან კონკრეტული სათქმელი მიაქვს. მისი თქმით, კონტენტი მოაზრება, როგორც აწმყოში ინტეგრირებული მომავალი, ხოლო კარგი კონტენტკრეატორი ქმნადობის პროცესში მოცემულ დროს უსწრებს და მომავლის გამოწვევებისკენ არის ორიენტირებული.

შეხვედრის დასასრულს, მენტორმა და სტუდენტებმა თემის ირგვლივ დისკუსია გამართეს.

ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტის, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, არჩილ გურგენიძის თქმით, ასისტენტ-პროფესორ თათა ღლონტთან შეხვედრა მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა.

„შეხვედრა, რომელიც ჩვენი კლუბის ეგიდით, „ლექტორის საათის“ ფარგლებში ჩატარდა, ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი გამოდგა. ქალბატონ თათა ღლონტს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა აუდიტორიასთან, რამაც შესაძლებლობა მოგვცა კონტენტის არსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო. შედგა საინტერესო დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და content line-ების განსაზღვრა, ვისაუბრეთ ციფრულ სივრცეში ბრენდების ფორმირების სირთულეებზე და თავისებურებებზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია ციფრულ სივრცეში კონტენტკრეატორის ქცევის, საუბრის სტილის და მისი ღირებულებების შესახებ. მადლობას ვუხდი ჩვენი უნივერსიტეტის პედაგოგს და სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ღონისძიებაში. ვიმედოვნებ, რომ ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის სამომავლო პროექტებიც ისეთივე საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის, როგორც „ლექტორის საათია", - ამბობს არჩილ გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტ „ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო