საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტის მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამაგისტრო ნაშრომის - „პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენება“, ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი ლია ამირანაშვილი.

როგორც მაგისტრანტი აცხადებს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში შეგროვდა დაავადებული და ვიზუალურად ჯანმრთელი პომიდვრის მცენარეები, ლაბორატორიის ბაზაზე კი მოხდა კულტურის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოვლენა, იდენტიფიკაცია და მათი სხვადასხვა მახასიათებლების შესწავლა.

„პომიდვრის ნიმუშებიდან ჩვენს მიერ გამოყოფილ იქნა მცენარისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები. ურთიერთდამოკიდებულების შესწავლამ გვაჩვენა, რომ შესაძლებელია დაავადების გამოწვევის წინააღმდეგ სასარგებლო ბაქტერიების გამოყენება. გამოვავლინეთ ყველაზე მეტი დაზიანების გამომწვევი ათი სოკო და ლაბორატორიული ცდების საშუალებით გამოვცადეთ მათ წინააღმდეგ 70-მდე ბაქტერია. სასარგებლო მიკროორგანიზმების მიერ პათოგენური სოკოს დათრგუნვის პროცენტი სხვადასხვაა და ის მერყეობდა 15%-დან 70%-მდე. შეირჩა ათამდე ბაქტერია, რომლებმაც სოკოს დათრგუნვის ყველაზე მაღალი ეფექტი გამოავლინა და გაგრძელდა მათზე კვლევები მექანიზმის შესასწავლად. ლაბორატორიაში ჩატარებული ცდების პოზიტიურმა შედეგებმა განაპირობა გასული წლის გაზაფხულზე მცენარეთა ველის ცდის ჩატარება. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდა გეგმა, მცენარეებზე ცდები მიმდინარებდა 6 სხვადასხვა ვარიანტში. ცდებმა გვიჩვენა სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების პოტენციალი ბიოლოგიურ დაცვაში. სასურველია პრეპარატის ტექნოლოგიის უკეთ დახვეწა, რათა მისი გამოყენება უფრო ფართო მასშტაბითაც მოხდეს. ამ მიმართულებით ცდები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიულ პირობებში“, - აცხადებს თამუნა მოდებაძე.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის ლია ამირანაშვილის თქმით, კვლევა, რომელსაც მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე ატარებს, მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს, რაც ხაზს უსვამს მასზე მაღალ მოთხოვნას.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების მოხმარების გავლენის ზრდამ გამოიწვია ქიმიური პრეპარატებისადმი დამოკიდებულების შემცირება. ბიოლოგიური კონტროლი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მიდგომაა მავნებლების მართვის სქემაში. ეს მეთოდი განიხილება, როგორც ქიმიური ბრძოლის ალტერნატივა, რომელიც მავნებლის პოპულაციის დაბალანსებასა და ეკოსისტემის დაცვას მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, მეთოდის აქტუალობა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. ბიოლოგიურ დაცვაში სასარგებლო მწერების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს, თუმცა დაავადების გამომწვევი პათოგენური სოკოების წინააღმდეგ მეთოდი კვლავ განიცდის ცვლილებებს უფრო მაღალი ეფექტურობისათვის. მაგისტრანტის თემის გაცნობის შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეექმნებათ წარმოდგენა მცენარეთა ენდოფიტური მიკრო ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არამარტო საზიანო შეიძლება იყვნენ, არამედ, მათ განკურნებაშიც დაგვეხმარონ. გაეცნობიან იმ მექანიზმებს რომლითაც ხდება ბიოლოგიური მტრების საშუალებით, ქიმიური პრეპარატების გარეშე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევებთან ბრძოლა. თემაში განხილულია ყველა ის მეთოდი და ვარიანტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, - აცხადებს ლია ამირანაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო