გრიგოლ გეგელია - ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ოპოზიციური ამომრჩეველი შინ არ დარჩეს, რასაც სწორი კონფიგურაციები სჭირდება - ამას არ სჭირდება საერთო სია

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ოპოზიციური ამომრჩეველი შინ არ დარჩეს, რასაც სწორი კონფიგურაციები სჭირდება - ამას არ სჭირდება საერთო სია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც „ლელოს“ წევრმა აღნიშნა, შუა ძალის არსებობის გარეშე, რომელიც არცერთ პოლუსზე არ იქნება, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია.

მისივე თქმით, საქართველოს პრობლემა დაუსჯელობაა, ამიტომ საზოგადოებამ უნდა ამხილოს და შემდეგ თავისუფალმა სასამართლომ გაასამართლოს ადამიანები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ მიდიან.

„ყველაფერი ივანიშვილის გეგმის მიხედვით არ მიდის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი არ ჩერდება. ყოველ დღე საჭირო არ არის, რომ 300 000 ადამიანი იდგეს ქუჩაში იმისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს. აქციებზე 100 000+ ადამიანი მაინც გამოდის ხოლმე, ყოველგვარი რესურსის გაღების გარეშე. ამ ხალხს ვერ დაშლი. გაზი, წყლის ჭავლი, დარბევა არ მუშაობს და თუ იმუშავა, სულ პირიქით, მეტი ხალხი გამოვიდა, მეტი ბრაზი და გულისწყრომა გამოიწვია.

ჩემი მიზანი, როგორც პოლიტიკოსის, არის ის, რომ ისეთი საზოგადოება შევქმნათ, რომ ერთმანეთის მონიშვნა და ჯვრების დასმა არ დაგვჭირდება. შეგვიძლია თუ არა შევადაროთ მთავრობის გაკრული პლაკატები აქტივისტების სახლებთან იმას, რომ ელისო ბოლქვაძეს ვიღაცები აეროპორტში დახვდებიან, არა, არ უნდა შევადაროთ. ელისო ბოლქვაძემ და სხვებმა ამ ქვეყნის სუვერენული ინტერესების ღალატს მისცეს ხმა. თუ ამ ქვეყნის პრობლემა რამეში არის, დაუსჯელობაა. ძალიან ბევრ რეჟიმში ვიღაცებს ადამიანების წინააღმდეგ წასვლა შერჩათ. უნდა ვამხილოთ და თავისუფალი სასამართლოს მიერ, კანონის ფარგლებში უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც ხალხის წინააღმდეგ მიდის.

მოსახლეობისთვის არჩევანი ასეთია: იქით დგას რუსეთი, აქეთ დგას საქართველო. ოპოზიციას დიდი ხანია აღარ ვახსენებ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ოპოზიციური ამომრჩეველი შინ არ დარჩეს, რასაც სწორი კონფიგურაციები სჭირდება. ამას არ სჭირდება საერთო სია. უნდა არსებობდეს რაღაც შუა, რაც არც ერთ პოლუსს ნიშნავს და არც მეორეს. ასეთი ძალის არსებობის გარეშე, ივანიშვილის დამარცხება, მათემატიკურად შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება