შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ეს ადამიანები არიან ნასამართლევი თაღლითობაზე, ეს არავის უნდა დაავიწყდეს - თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას

ოპოზიციას არ აქვს საკუთარი ნება. ისინი მოქმედებენ უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგით და თავს მოხვეული ნებით - არ არის ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია იქნება ის, ვინც შეასრულებს ამ სამუშაოებს [ანაკლიის პორტის მშენებლობას], - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, როგორ შეაფასებდა პაპუაშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკას პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხაზარაძე „ითხოვდა მოქალაქეებს დაეფინანსებინა ანაკლიაში მისი ბიზნესის მოგება საკუთარი ჯიბიდან და ხალხისგან ამის პასუხი არჩევნებზე მიიღო“.

„ოპოზიციას არ აქვს საკუთარი ნება. ისინი მოქმედებენ უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგით და თავს მოხვეული ნებით. რასაც მიიღებენ, რა განწყობასაც დაინახავენ სხვა ქვეყნიდან წამოსულს, ზუსტად იმ განწყობაზე სხდებიან. ვნახეთ, არ არის ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია იქნება ის, ვინც შეასრულებს ამ სამუშაოებს [ანაკლიის პორტის მშენებლობა]. აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, ჩაედოთ ფული ამ პროექტში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი, რომ წაეხალისებინათ ამ პორტის მშენებლობაში ამერიკული ინვესტიციის მონაწილეობა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ეს ადამიანები არიან ნასამართლევი თაღლითობაზე. ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს. თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას. ეს ყველამ უნდა იცოდეს. მეორე, არ ვიცი ეს თაღლითობა იყო თუ რა იყო, მაგრამ თავის დროზე ანაკლიის საკითხი ხომ ყველას გვახსოვს. ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რა ხდებოდა. ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი მამუკა ხაზარაძეს, რომელიც იძლეოდა დაპირებებს, რომ შემოიყვანდა სხვადასხვა ინვესტორს და ფულს. ვერავინ ნახა საერთოდ. ყველა მოდიოდა იმ პირობით, რომ ჰქონოდათ უშრომელი ფული. მათთვის ვალდებულების შესრულების ვადები თუ არ ვცდები, 10-ჯერ გადავადდა. გვსაყვედურობდნენ, რომ როგორ არ დავთანხმდით მოქალაქეები, მიგვეცა გარანტია მამუკა ხაზარაძისთვის, რომ მისი ბიზნესი ანაკლიაში, მიუხედავად იმისა მოგებას მოიტანდა თუ არა, რომ დავაფინანსებდით მოგებას ჩვენი ჯიბიდან. ამას გვთხოვდა მოქალაქეებს და ამის პასუხი მან მიიღო მოქალაქეებისგან. 3%-ამდე იყო მისი მხარდაჭერა არჩევნებში. ეს არის იმაზე პასუხი, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ უნდა ჰქონდეს უშრომელი ბიზნესი და წაგებულ ბიზნესში მოგება ნახოს მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომ, ასე შევხედოთ მის განცხადებას საბოლოოდ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „რა მითითებებსაც იღებს ყველაფერს ამბობს, რადგან სამშობლოს განცდა არ აქვთ“.

„რა მითითებასაც მიიღებენ გარედან, ზუსტად ისე მოიქცევიან. მიიღებენ მითითებას და იტყვიან ჩინეთი კარგია. როგორც კი მიიღებენ მითითებას, იტყვიან, რომ რუსეთი კარგია. ყველაფერს იტყვიან აბსოლუტურად იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ სამშობლოს განცდა. უსამშობლოები ამიტომ არიან. მათთვის ეს ქვეყანა არის მხოლოდ ტერიტორია. ამ მიწასთან, ქვეყნის და ხალხის ისტორიასთან არანაირი სულიერი ბმა არ აქვთ. ისინი მიბმული არიან ჭიპლარით უცხო ქვეყნებზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო