კახა კალაძე - მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და იმას იმეორებს - ანაკლიის პორტის პროექტი, ხაზარაძის ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის

მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა, თავის დროზე თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები შემოეყვანა.

მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და ამას იმეორებს. რეალობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს, მას ჰქონდა სურვილი, ჩინური კომპანიები შემოეყვანა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. არადა საკმარისი დრო, შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა ამისთვის. მან ვერ შეძლო ვერცერთი ბიზნესჯგუფის შემოყვანა. აღნიშნული პროექტი, მისი ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი დიდი მასშტაბის პროექტში ჩინური კომპანიების ჩართულობა მისასალმებელია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებისას ისეთი რეგიონისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიების არსებობა. თუ ტვირთი არ იქნება, პორტიც ვერ იმუშავებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთს ევროკავშირთან, დაახლოებით, 800 მილიარდის ოდენობის სავაჭრო ურთიერთობები აქვს. ამის გარკვეული ნაწილი თუნდაც საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს, რამხელა შეღავათია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განვითარებისთვის. ჩვენ ამას, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ხაზარაძის განცხადებით, რუსეთს არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში და ამიტომ მიეცა ეს შესაძლებლობა ჩინურ კომპანიას.

„თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა.

სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება "ლელოს" პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა „რუსულმა ოცნებამ“ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში.

ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში.

გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში, რომლითაც ის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო