ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ, დასავლელ პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს.
„2023 წლის გაზაფხულზე საქართველომ მოამზადა გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს ერთი წლის პროგრესის შესახებ ანგარიში, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიას მიეწოდება 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში. საანგარიშო პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით.
მთლიანობაში მიღებულ იქნა 25-ამდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრორეგულაციების და ევროდირექტივების შესაბამისად. შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა“,- აღნიშნულია ანგარიშში.
საუბარია ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნათქვამია, რომ მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ.
ანგარიშში ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2023 წელს საქართველოს ეწვია 48.304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით, 555%).
პრემიერის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოიცავს 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს.