პრემიერის ანგარიში - ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით

ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით - სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღშნინული.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა, სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2024 − 2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.1%-ის ოდენობით.

„ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა და გაიზარდა ინკლუზიურობა. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.

2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა − გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანობაში პოსტპანდემიურ პერიოდში − 2021 − 2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი − 9.7%. 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმთავრესად ხელი შეუწყო საინვესტიციო აქტივობის ზრდამ, რეალური ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა“,- ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც - კერძოდ, 2023 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა.

„ისტორიულად მაღალი დასაქმებისა და უმუშევრობის მინიმალური დონის ფონზე, ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზრის ხარისხობრივი გაუმჯობესების მიმართულებითაც. 2023 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა საგარეო მოწყვლადობის შემცირების კუთხითაც, რომლის ნათელი გამოვლინებაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, 2023 წლის მდგომარეობით, ის ისტორიულ მინიმუმზეა და 4.3%-ს შეადგენს“,- ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ აშშ დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას − 4.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის გაორმაგების შემდეგ კვლავ გაიზარდა (1.5%-ით) და 808 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს, მშპ-სთან მიმართებით, აქვს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში.

რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშში წერია, რომ გლობალურად მაღალი ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციის მოთოკვა.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის აპრილიდან ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე.

„2024 წლის იანვარ-აპრილის საშუალო წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია და იგი 0.6%-ის დონეზე დაფიქსირდა. ინფლაციის დაბალმა დონემ შესაძლებელი გახადა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის დაწყება. 2023 წლის მაისიდან, შემცირებული ინფლაციის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით შემცირება დაიწყო და ეტაპობრივად 8.0%-ამდე შეამცირა“,- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება საქართველოს საერთაშორიო რეიტინგებში, დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლებში, არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი − წამყვანი სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“, „Moodys“ – შეფასებით, საქართველომ რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე შეინარჩუნა და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია.

„სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა“,- აღნიშნულია პრემიერის მოხსენებაში.

პრემიერის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოიცავს 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო