პრემიერის ანგარიში - ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 4406 პირი, მათ შორის 294 ნარკორეალიზატორია - ნარკოტიკებით ვაჭრობა მთავარ გამოწვევად რჩება

დასრულდა დაბა ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა და ამჟამად მიმდინარეობს მისი ეტაპობრივი დატვირთვა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, ასევე რუსთავში 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს.

„დასრულდა დაბა ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა და ამჟამად მიმდინარეობს მისი ეტაპობრივი დატვირთვა. ქალაქ რუსთავში ახალი მცირე ზომის (150 მსჯავრდებულზე გათვლილი) პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობების სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს მათი მოპირკეთება.

პენიტენციურ სისტემაში გრძელდება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაძლიერება, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტების ფარგლებში („ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში“; „ერუდიციის კურსი“; „ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროგრამა“; „ახალი შემოქმედებითი სივრცეები − ახალი შესაძლებლობები“). საანგარიშო პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩართული იყო 9 660 ბრალდებული/მსჯავრდებული“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, საუბარია ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზეც. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 16 პირი.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მუშაობას, დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 4406 პირი, მათ შორის 294 ნარკორეალიზატორია.

„მთავარ პრიორიტეტად და გამოწვევად რჩება ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ე.წ. „დარქნეტში“ არსებული ონლაინმაღაზიების იდენტიფიცირებას, ტექნიკურ დამუშავებასა და შემდგომ ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას ინტერნეტნარკორეალიზაციაში ჩართული პირების დაკავების მიზნით. შს სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში, დაიხურა 10 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია და დაკავებულ იქნა ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 31 პირი“, -აღნიშნულია ანგარიშში.

პრემიერის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოიცავს 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება