საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, „მოდინახემ“ საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით და სტუ-ის ქალთა ასოციაციისა ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში - „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით - „ბოშები“, წარსდგნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სახელმწიფოში მოქმედი პროგრამები მოზარდების მომავალს მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე წარმატებით მუშაობს.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი ღონისძიებების ჩატარება. ყოველი დღე ბავშვისაა, ისინი არიან მომავალი თაობა და ჩვენი ვალია ყველა ღონეს მივმართოთ, რათა მათ სწავლისა და განვითარებისთვის მშვიდობიანი გარემო შევუქმნათ. დღევანდელი, ლამაზი დღისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სახალხო თეატრს-სტუდიის რეჟისორსა და მსახიობებს, ღონისძიების ორგანიზატორებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციებს. ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომელსაც ეძღვნება დღევანდელი საქველმოქმედო აქცია, მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ოცნებების და მიზნების ასრულება”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოწვეულ სტუმრებს - დედაქალაქში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახების მცირეწლოვან წარმომადგენლებს, საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ლიეტუვის სათვისტომოს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ ბავშვებს.

პროფესორმა ნაზი კუციავამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, სახალხო თეატრ-სტუდიის - „მოდინახე“ რეჟისორსა და მსახიობებს. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად გრანდიოზული ღონისძიებებითა და საქველმოქმედო აქციებით აღნიშნავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციამ უნივერსიტეტის სახალხო-თეატრ სტუდიაში, მოვიწვიეთ მრავალშვილიანი ოჯახები, სკოლის მოსწავლეები, ლიეტუვის სათვისტომოს წარმომადგენლები, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილები, შვილიშვილები. მათ წინაშე „მოდინახე“ შესანიშნავი სპექტაკლით წარსდგა. მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით დგას, მადლობა ჩვენს თეატრს, მსახიობებს იმისთვის, რომ მათ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ბავშვებს“, - აცხადებს ნაზი კუციავა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 1 ივნისს „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ დედაენის ბაღში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებით გაიხსნა, იმავე დღეს სტუ-ში გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო აქციას გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო