საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფოთის თეატრმა ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის - “ნიკო ნიკოლაძე”, ჩვენება გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის - “ნიკო ნიკოლაძე”, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპექტაკლი, დიდი ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფოთის თეატრში დაიდგა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე ფესტივალის ფარგლებში იქნა წარდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, სპექტაკლი სხვადასხვა დროს წარმატებით წარდგა ქართველი და საერთაშორისო მაყურებლის წინაშე. თბილისის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს პრიზი: საუკეთესო სპექტაკლი - Best Performance.

“ფოთის თეატრის დასი წარმოგვიდგენს სპექტაკლს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვან თემას, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობას ეხება. “რა უბედურება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ქართლელმა, კახელმა, იმერელმა ოდესმე ქართველობა ითაკილონ და თავიანთი თავი ქართლელობით, კახელობით, იმერლობით მოიწონონ. ხალხის ამგვარ ხასიათს მამულის ნამდვილი სიკვდილი და მიწასთან გასწორება მოსდევს… იმეცადინეთ, იშრომეთ, რაც გინდათ, ოღონდ თქვენი მამული გიყვარდეთ", - ბრძანა დიდმა მოღვაწემ. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი სწორედ ამ იდეით წარმართავს საუნივერსიტეტო ცხოვრებას. მადლობა მინდა მოვახსენო ფოთის თეატრს სპექტაკლისთვის”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სპექტაკლის დასასრულს, ფოთის თეატრის წარმომადგენლებს - რეჟისორს, მსახიობებს და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა თეატრს ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების საინტერესოდ წარმოდგენისთვის. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გოჩა ჩოგოვაძის სახელობის იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა უკვე მეორე წელია თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორები არიან.

“ერთმოქმედებიან სპექტაკლში, ოთხმა შესანიშნავმა მსახიობმა დიდი ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები იმდენად საინტერესოდ წარმოადგინა, რომ თითოეული ჩვენთაგანი მათი ნიჭიერებით აღფრთონაბულნი ვართ. ბედნიერებაა, რომ საქართველოში მრავალი სახელოვანი მოღვაწე აღიზარდა, რომელთაც ჩვენს სამშობლოს მსოფლიოში გაუთქვეს სახელი. მათ შორის ნიკო ნიკოლაძე გამორჩეულია. დიდია მისი წვლილი ჩვენი უნივერსიტეტის დაარსებაში. ნიკო ნიკოლაძის სახელის გაგონებისას, პირველი, რაც გვახსენდება მის მიერ ქალაქ ფოთის აღმშენებლობაა, ამდენად, ფოთის თეატრში ამ შესანიშნავი სპექტაკლის დადგმა, სიმბოლურია. ვისარგებლებ შემთხვევით და ახალგაზრდებს მივმართავ, დიდმა ნიკო ნიკოლაძემ ბრძანა: „მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა”. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, გამოიყენეთ სამშობლოსთვის, ემსახურეთ საქართველოს, იწამეთ სამშობლო და ჩვენ, თქვენი აღმზრდელები, ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ. წარმატებებს გისურვებთ”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო