შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის პოზიციის შესახებ - ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია

ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პოზიცია, რომელმაც რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა-ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა თავს იკავებს, ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებას საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა გაიზარდოს. პაპუაშვილის შეფასებით, ეს აჩვენებს სწორედ დიპლომატიური კორპუსის წარმატებას.

„წლიდან წლამდე იზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ვაწარმოებთ. წელსაც დაემატა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ. რამდენიმე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს თავშეკავების პოზიციას ხოლმე, ესეც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მათ, ასევე საქართველოს აქვს ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სპეციფიკური მიდგომები და გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ჩინეთი, ყველა ფორმატში აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პატივისცემას.

„სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, მათ შორის იქიდან გამომდინარე, თავად ჩინეთი როგორ უყურებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, აქ რომ კითხვის ნიშნებს სვამთ, ე.ი საერთოდ ვერ ერკვევით ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო პოლიტიკა როგორია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ - რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო