ლიეტუვის ელჩი - არ ვიტყოდი, რომ საგარეო უწყებაში შეხვედრა ჩვეულებრივი იყო, ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა - რაც შეეხება პოლიციის დღის ღონისძიებაზე დასწრებას, იმავე დღეს გვქონდა სხვა შეხვედრები

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე და მის მომავალზე ზრუნავენ; მათ არჩიეს შეხვედროდნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში... ისინი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი არიან. მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რითაც 15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ სტუდენტურ მარშში მონაწილეობას და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა.

"შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ლიეტუვის პრეზიდენტი ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა მხარდაჭერის მიზნით, მაშინ როცა რუსული სამხედრო კონტინგენტი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

თბილისში ჩამოსულმა მინისტრებმა გაათავისუფლეს თავიანთი განრიგი, რათა საქართველოსთვის 24 საათი დაეთმოთ. ისინი საქართველოზე და მის მომავალზე ზრუნავენ; მინისტრებმა არჩიეს შეხვედროდნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში. ეს ემთხვევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და საქართველოს კონსტიტუციას, რომლის ნაწილიც ევროკავშირისკენ მისწრაფებაა. მინისტრებს ძალიან ღია და გულწრფელი დისკუსია ჰქონდათ. ჩვენ ასე აღვიქვამთ დიპლომატიას... რაც შეეხება კრიტიკაზე პასუხს, ისინი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი არიან. მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება. და ასე მუშაობს დემოკრატია", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება 31 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მის დაბარებას, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად „სამინისტროში ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა, გარკვეული დიპლომატიური ფსიქოლოგია”.

„ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო დღის წესრიგში. ჩვენ განვიხილეთ და გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი, როგორც დიპლომატების მანდატი არის დისკუსიები, რათა ვიპოვოთ ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების გზა. დიპლომატიური თვალსაზრისით არ ვიტყოდი, რომ შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი იყო. სამინისტროში ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა, მე ვიტყოდი, გარკვეული დიპლომატიური ფსიქოლოგია, მაგრამ მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს იმ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ", - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუში ელჩმა, ასევე, ისაუბრა 31 მაისს საქართველოს პოლიციის დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ელჩი არ ესწრებოდა და უცხოური დიპლომატიური კორპუსი მხოლოდ საელჩოების წარმომადგენლების დონეზე იმყოფებოდა. ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ელჩები ყოველთვის ესწრებიან საქართველოსათვის ყველა მნიშვნელოვან დღეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მათ ჰქონდათ სხვა შეხვედრები.

„ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში აქ არის ბევრი სხვადასხვა სახის მოწვევა. ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩვენ, როგორც დიპლომატიური კორპუსი, მოწვეულნი ვართ მხარდაჭერის გამოსახატავად. ასე რომ, დასწრება-არ დასწრების საკითხს მე არ განვიხილავდი, როგორც შავსა თუ თეთრს. რა თქმა უნდა, პოლიციის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ან იხსენებენ.

მაგრამ ამავდროულად, ჩემი სახელით, არ არსებობს რაიმე გამართლება ან კომპრომისი, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ან დამოუკიდებლობის აღდგენის, ან საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვან დღეებს. იმავე დღეს გვქონდა სხვა შეხვედრები, რომლებზეც შემდგომ უნდა გვემუშავა, როგორც მანდატის ნაწილი, ასევე უნდა მოგვეხსენებინა [საკუთარი ქვეყნებისთვის] ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ჩვეულებრივ, ჩვენ ვიყენებთ საღ აზრს ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო