საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის - ზურაბ ავალიშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, დიპლომატის, იურისტისა და ისტორიკოსის, ზურაბ ავალიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ახალი გამოცემის - „ზურაბ ავალიშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი“ - ავტორი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძეა.

მათივე ინფორმაციით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას - სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და მიწვეულ სტუმრებს - წიგნი და მისი ავტორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა.

ირაკლი გაბისონიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხალხისა და ქვეყნის წინაშე ზურაბ ავალიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი არ დარჩენილა ცნობილ მკვლევართა, მათ შორის პროფესორების - გურამ მამულიასა და გურამ შარაძის მხედველობის მიღმა, მისი ცხოვრება-მოღვაწეობისა და შემოქმედების ძირითადი მომენტები დღემდე არ ყოფილა მონოგრაფიული კვლევის საგანი. მისი თქმით, პროფესორ გივი ლობჟანიძის ნაშრომი ამ დანაკლისის შევსების წარმატებული მცდელობაა და ის ჯეროვან სამსახურს გაუწევს იურისტებს, პოლიტოლოგებს, ისტორიკოსებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას. როგორც ირაკლი გაბისონიამ აღნიშნა, წიგნის რედაქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველია, რეცენზენტები კი აკადემიკოსი ომარ გოგიაშვილი და პროფესორები - ვაჟა გურგენიძე და დავით ლობჟანიძე არიან.

„ავტორმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ საარქივო მასალებისა და ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ამომწურავად წარმოგვიდგინა დიდი ქართველის - ზურაბ ავალიშვილის ბიოგრაფია და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის ძირითადი ასპექტები, ცოცხლად აღგვიწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და დემოკრატიული საქართველოს სამართლებრივი შეფასების ფონზე წარმოაჩინა ავალიშვილისეული პოლიტიკური და სამართლებრივი ხედვა და პრიორიტეტები. აღსანიშნავია, რომ გივი ლობჟანიძე მიზანმიმართულად იკვლევს ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოღვაწეობას. მეტად საინტერესოა მისი ნაშრომები დიდი ილიას, ნიკო ნიკოლაძისა თუ არჩილ ჯორჯაძის ცხოვრებისა და სამართლებრივ-პოლიტიკურ შეხედულებათა შესახებ. დარწმუნებული ვართ, ახალ გამოცემას დაინტერესებული მკითხველი, სპეციალისტები და ახალგაზრდა თაობა სათანადოდ შეაფასებს და წარმატებით გამოიყენებს შემდგომი კვლევებისთვის“, - განაცხადა ირაკლი გაბისონიამ.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებას მიესალმა და ახალი სამეცნიერო ნაშრომისთვის ავტორს მადლობა გადაუხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მაღალ შეფასებას აძლევს უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ დიდმამულიშვილთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდის, მათი თვალსაწიერის გაფართოებისა და პროფესიონალებად ფორმირების მხრივ.

თამარ წერეთლის თქმით, გივი ლობჟანიძის სამეცნიერო კვლევა, რომელიც მონოგრაფიის სახით პირველად გამოქვეყნდა, გამოირჩევა თხრობის სისადავით და მკითხველს ძალდაუტანებლად აცნობს გამორჩეული ქართველის, ზურაბ ავალიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ემიგრაციაში მისი ყოფნის პერიოდს, სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ევროპიდან დაუღალავ ზრუნვას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევის საქმისადმი ერთგულებას, მის სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ხედვებს. მისივე შეფასებით, წიგნი დიდი ინტერესით იკითხება, რაც მის ღირებულებას ზრდის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო