ალექსანდრე კრევო-ასათიანი - სამწუხაროდ, საქართველო დღეს არის იმ სიაში, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის - დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირის აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან

სამწუხაროდ, საქართველო დღეს არის იმ სიაში, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა, ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. სამწუხაროდ, საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. ვინც ამ მოვლენებს უყურებს ვნებათაღელვით, მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მერე მოვიდა დამოუკიდებლობა, შევარდნაძის მმართველობის შემდეგ იყო „ვარდების რევოლუცია“ და ბიძინას მერე მოდის თავისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო ევროპის ნაცვლად, დასანქცირებულ ქვეყნების სიას შეუერთდა.

“ვენესუელა, ზიმბაბვე, ნიკარაგუა, მიანმარი, მალი, ავღანეთის ისლამური საემირო, კამბოჯა და ახლა საქართველო - ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკური ლიდერები დღეს არიან დასანქცირებული კორუფციის და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. სამწუხაროდ, ეს არის სია, სადაც საქართველო დღეს დგას. ტრაგიკული სია, რომელიც აჩვენებს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებები და იდეოლოგია.

საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. საქართველო დღეს არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა დასანქცირებული პოლიტ-ლიდერებით. დღეს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირის აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან.

არ ყოფილა ისტორიაში შემთხვევა, რომ აშშ-ს გაეუქმებინა სანქცია. არც იქნება ეგეთი შემთხვევა. სანქცია მხოლოდ იზრდება. იწყება სავიზო შეზღუდვებით, იზრდება ფინანსური მექანიზმებით, ვრცელდება მერე ევროპაშიც, და მერე უკვე გაეროს შავ სიაშიც შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი დასანქცირებული ორგანიზაცია.

ამან არ უნდა გაგვახაროს. დღეს არის ტრაგიკული დღე საქართველოსთვის. ჩვენი ვალდებულება იყო, რომ აგვეშენებინა თავისუფალი სახელმწიფო უკეთესი მომავლისთვის, თუმცა ამის ნაცვლად, ისტორიაში ეს პერიოდი დარჩება “საქართველოს დასანქცირების ეპოქის” პერიოდად. ევროპის ნაცვლად, საქართველო დასანქცირებულ ქვეყნების სიას შეუერთდა.

დღეს, საქართველო არ არის არც წმინდა ნინოს ქვეყანა, არც ბაგრატის ტაძრის, არც ღვინოს და სუფრის, არც მთის და ზღვის. დღეს, საქართველო არის დასანქცირებული პოლიტიკოსების ქვეყანა. მიტაცებული ქვეყანა.

ამ რთულ დროს, არ შემიძლია მწუხარება არ გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხოლოდ ახლა ხვდებიან თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს. მახსენდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახების წევრები, რომ ეხვეწებოდნენ, ხმა არ მისცეთ ამ კანონსო. თვითონ არიან ახლა ამ რუსული კანონის პირველი მსხვერპლები.

დღეს, საქართველო არის სანქციების ქვეყანა. თუმცა, ქართველი ერის სული ცხოვრობს ქართველ ხალხში. ჩვენ ვაგრძელებთ და ვაცოცხლებთ იმ ღირებულებებს, რამაც დღემდე მოგვიყვანა. ვაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქართველ ხალხს კი მარტივი არჩევანი აქვს. არჩევნებზე ხმის მიცემა „ქართულ ოცნებისთვის“ ნიშნავს ხმას, ტოტალურ იზოლაციისთვის, ტოტალურ ჩაკეტვისთვის, და ეროვნული რეპუტაციის განადგურებისთვის.

ვინც ამ მოვლენებს უყურებს ვნებათაღელვით, მინდა გითხრათ, ვიცი რომ დაღლილი ხართ, ბევრს ეგონა, რომ 1989 ან 1991 წლის შემდეგ, ბრძოლა აღარ იქნებოდა საჭირო. თუმცა, იმედით უნდა ვუყუროთ დღევანდელ დღეს, რადგან ლიპარიტ ბაღვაშის მერე მოვიდა დავით აღმაშენებელი, მონღოლების მერე, გიორგი ბრწყინვალე მოვიდა, საბჭოთა ოკუპაციის მერე-დამოუკიდებლობა, შევარდნაძის მმართველობის შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია და ბიძინას მერე მოდის თავისუფლება”, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო