„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა.

მედიის და „სემეკის” წარმომადგენლებთან გამართულ პრეზენტაციაზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წევრებმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრეს.

„ჯივიპის” გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესის თქმით, კომპანია ევროპულ სტანდარტებთან უფრო დაახლოებას ცდილობს, რასაც წარმატებით ახერხებს.

„ამ ტიპის შეხვედრების მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მომხმარებლებს, მოქალაქეებს, საზოგადოებას მივაწოდოთ, კერძოდ, იმ აქტივობების შესახებ, რომელიც კომპანიას თბილისში, რუსთავში და მცხეთაში აქვს. ასევე, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეუძლიათ კომუნიკაცია, რა კომუნიკაციის არხები არსებობს და ა.შ. წელს ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიები გვქონდა იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რომ წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი გახლავთ, ასევე ამ ყველაფრის უკან რა დგას - ინფრასტრუქტურა, მილსადენები, ასევე, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე მუშაობენ. სამი წლის განმავლობაში, ჩვენ უპრეცედენტო ინვესტიციებს ვგეგმავთ იმისათვის, რომ მიმდინარე პროექტები განვავითაროთ, ზოგადად საოპერაციო შედეგები და მაჩვენებლები გავაუმჯობესოთ, აგრეთვე, ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება გვქონდეს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ უკვე მზარდი შესაძლებლობები და შედეგები წყლის მიწოდების მხრივ გვაქვს, ყველა შემთხვევას ყურადღება ექცევა. წყალარინების კუთხით გარკვეული გამოწვევებია, მაგრამ 7 ერთეული ახალი აღჭურვილობის (წყალარინების სისტემის საწმენდის) დახმარებით, ამ პრობლემებსაც ვაგვარებთ”, - განაცხადა „ჯივიპის” გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც „სემეკმა” „ჯივიპის” გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა, მათი პროექტები განსაკუთრებით გააქტიურდა.

„მიმდინარეობს, როგორც მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე, ტექნიკურად გამართულობის კუთხით გაუმჯობესება, შედეგად პროგრესი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელშესახებია და სახეზე გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. რაც გულისხმობს ქსელების მოწესრიგებას, სადგურების მოდერნიზაციას და ეს მმართველობითი ამოცანები, რომელიც კომპანიას აქვს, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს, რაც საბოლოო ჯამში უკეთეს სერვისში გამოიხატება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალით ახალი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია ინერგება, სადაც მომხმარებელს პერსონალური სივრცის დახმარებით მარტივად ელექტრონული სერვისებით სარგებლობა შეეძლება.

ინფორმაციისთვის, “ჯივიპის” მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა აქტიურად დაიწყო.

სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილია წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების 2024 წელს დასრულებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კერძოდ: ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მოდერნიზაციისა და სტაბილური ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულების რეაბილიტაციაში "ჯივიპი" 7.2 მილიონი ლარიან ინვესტიციას ახორციელებს; წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სტაბილური და გამართული ფუნქციონირებისთვის ახლით იცვლება დანადგარები და ინფრასტრუქტურა, სატუმბო სადგურებზე კი მონტაჟდება ახალი ტუმბო-აგრეგატები. მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების 84 კილომეტრი სიგრძის მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, რაშიც კომპანია 51 მილიონ ლარის ინვესტიციას ახორციელებს; 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციით სრულად აღიჭურვება და განახლდება „ჯივიპის“ ავტოპარკი და სპეც-ტექნიკა; ქსელში წყლის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის დამატებით ინერგება ევროპული სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო