საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის ეგიდით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტურმა კლუბმა, პროექტის - „ლექტორის საათი“ - ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, სპიკერის რანგში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლია მეტრეველი მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, „ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართული მეოთხე შეხვედრა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას დაეთმო.

პროფესორმა ლია მეტრეველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე მარად თანამედროვე ბუმბერაზი მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, განიხილა გახმაურებული ლიტერატურული მოვლენები, მათ შორის აკაკი წერეთლის დაპირისპირება ვაჟა-ფშაველასთან. მისი თქმით, იმდროინდელ ქართველ მოღვაწეთა შორის ვაჟა-ფშაველას ტალანტით საჯარო აღტაცება არავის გამოუხატავს ისე, როგორც აკაკის და არც ვინმე გამოსულა მსგავსი მწვავე კრიტიკით მის წინააღმდეგ.

ლია მეტრეველმა, ასევე, ისაუბრა ვაჟას გარდაცვალებისა და მთაწმინდის პანთეონში მისი გადასვენების შესახებ, ამას გარდა, თანამედროვეობის ჭრილში ვაჟას რამდენიმე გენიალური ნაწარმოები განიხილა.

სტუდენტების აქტიური ჩართულობით, საუბარი წარიმართა პოეტის უნიკალურ მსოფლგაგებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, პიროვნულ თუ სულიერ სრულქმნაზე, რაც ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში ყალიბდებოდა, ბუნების საიდუმლოებათა წვდომის ვაჟასეულ გასაოცარ უნარსა და მის პოეტურ სტილზე, რომელიც მკვეთრად გამორჩეულია მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; იმაზე, თუ როგორ გაარღვია ცივილიზებულ სამყაროს განშორებულმა ვაჟა-ფშაველამ ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები და როგორ გაამდიდრა ლექსიკა დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით, როგორ ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების ურთულეს პროცესებს, ეძიებდა როგორც პასუხს ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, ასევე, მათგან განკურნების წყაროებს.

ლია მეტრეველმა „ლექტორის საათი“ ვაჟა-ფშაველას ლექსით - „ფშავლის სიყვარული“ - დაასრულა.

ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის წევრებმა, მრავალმხრივ საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის, პროფესორ ლია მეტრეველს მადლობა გადაუხადეს.

„შეხვედრამ სტუდენტებზე დიდი გავლენა იქონია. ქალბატონ ლია მეტრეველს გამორჩეულად საინტერესო გადმოცემის უნარი აქვს და წარუშლელ ემოციას იწვევს მსმენელში. ის ჩემი პედაგოგიც გახლდათ და დღესაც ისევე გულდასმით ვისმენდი მის საუბარს, როგორც სალექციო კურსზე. თვალყურს ვადევნებდი დარბაზს და ჩვენი სტუდენტების აღტაცებულ სახეებს ვაწყდებოდი. ვიმედოვნებთ, ლია მეტრეველი მომავალშიც გააგრძელებს ნოდარ ტაბიძის კლუბთან თანამშრომლობას“, - აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი არჩილ გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტ „ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო