ნინო ლომჯარია კითხვაზე, გეგმავს თუ არ პოლიტიკაში წასვლას - თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება პროცესში, არ გამოვრიცხავ

ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გააკეთა.

კერძოდ, ყოფილმა სახალხო დამცველმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა პოლიტიკაში წასვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაზეც ლომჯარია ამბობს:

„არ ვიცი, თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება ამ პროცესში, არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული“ და დასძენს:

„ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, ვფიქრობ, რომ საჯარო პოლიტიკაში ისედაც ვარ, იმ ფორმით რა ფორმითაც ვმონაწილეობ და სადაც იქნება საჭირო - სადაც დავინახავ, რომ ჩემი როგორც ერთი ადამიანის როლი არის მნიშვნელოვანი, ეს იქნება პარტიული თუ არა პარტიული ცხოვრება, იქ ვიქნები, ჯერჯერობით ვარ იქ, სადაც ვარ“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

გადაცემაში ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზეც. როგორც ლომჯარია აცხადებს, დღევანდელი პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთი მტრად გამოაცხადა და აშშ-ის სანქციების გამოცხადებაც სწორედ საპასუხო რეაქციაა.

მისი თქმით, სანქციების დაწესება ადასტურებს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიაზრა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ როგორც მეგობარს კი არა, არამედ როგორც საფრთხეს, მოწინააღმდეგეს ისე აღიქვამს, რაც „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით დადასტურდა. „ეს სანქციები ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ბუნებას გადახედა და ეს აღარ არის მეგობრული. ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, მათ დასავლეთი მტრად გამოაცხადეს. ეს არის შტატების მხრიდან საპასუხო რეაქცია, არა მარტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, ასევე, უფლებადარღვევის ფაქტებზე, ძალის გამოყენების ფაქტებზე, ფიზიკური ანგარიშსწორება, მუქარა, ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები - იარაღის ჩადებები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ეს არის გამოვლინება უკვე აღნიშნული კანონის მოქმედების რეალურად ცხოვრებაში. კანონი არის უბრალოდ დეკლარაცია იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო საგარეო კურსი ოფიციალურად შეიცვალა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას განმარტებით, ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანს მათი პოლიტიკური პრეფერენციების გათვალისწინებით არ გააკეთებს, „ამომრჩეველი არჩევანს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გააკეთებს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის რუსული რეჟიმი და მათი გამარჯვება საქართველოს რუსულ ორბიტაზე ძალიან დიდი ხნით დარჩენას და დასავლეთისგან იზოლაციას ნიშნავს“.

„ვფიქრობ, რომ დღეს არის სიტუაცია, როდესაც ყველაფერი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს. სახალხო პროტესტი იყო და ეს პროცესი ვერავინ მიითვისა, წაიღო და მიიკერა. ჩვენ ახლა იმდენად სერიოზულ პროცესებში ვართ, რომ ეს მართლა ზესახელმწიფოებრივი საკითხია, საქართველო იქნება თუ არა მართლა დამოუკიდებელი, ამაზეა საუბარი, ასევე, საუბარია დავბრუნდებით თუ არა რუსეთში, დასავლეთის ნაწილი ვიქნებით, თუ რაღაც ჩამორჩენილი, კორუმპირებული, დასანქცირებული სამყაროს ნაწილი ვიქნებით. აი, ამაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მომავალ პროცესებში, მაგრამ მათ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რაც ასევე, ზეპარტიული და სახელმწიფოებრივი იქნება. მომავალი არჩევნები ნორმალური არ იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტაც, როგორი კომბინაციები იქნება, რა პოლიტიკური შეთანხმებები, გადაწყვეტილებები იქნება, ესეც არაორდინალური უნდა იყოს და სიტუაციას მორგებული, ანუ პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოში რუსულ რეჟიმს დიდი უპირატესობით დაამარცხებს და რაც არ შექმნის რისკებს იმისა, რომ შესაძლებელია, ეს არ მოხდეს ან რაიმე დაემუქროს. ახლა ოპოზიციის ვალია, რომ ისეთი კომბინაციებით წარდგნენ, ისეთი გარანტიებით მოიფიქრონ და საარჩევნო პროცესში წარდგნენ, რომ ძალიან დიდი უპირატესობით რუსული რეჟიმი დაამარცხონ. ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ამომრჩევლის დიდი ნაწილიც იმ აზრამდე მივა, რომ ახალა ჩვენ გასაკეთებელი არჩევანი არა „ნაცებს“, ვიღაცეებს და „ქოცებს“ შორის გვაქვს, {არამედ} არჩევანი გასაკეთებელი იქნება, ვიქნებით თუ არა ჩვენ მართლა სუვერენული, დასავლური ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, თუ ვიქნებით რუსული ორბიტაზე მყოფი დასანქცირებული, იზოლირებული, რაღაცა თალიბანის წესების მქონე სახელმწიფო, კორუმპირებული, შავი ხვრელი ტერიტორია. მომავალი არჩევნები ნორმალური არჩევნები არ იქნება, უბრალოდ, იქნება არჩევნები დასავლეთსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ პრეზიდენტის ინიციატივაზე - „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა, არის სწორი პოლიტიკური შეთანხმება. „მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ, იმიტომ კი არ მოვლენ, რომ ამომრჩეველმა ნორმალურ, პოლიტიკურ კონკურენტულ ვითარებაში გააკეთა მათზე არჩევანი, ეს არაორდინალურ ვითარებაში გაკეთებული არჩევანი იქნება. რეფორმების შემდგომ, 1-2 წლის შემდეგ ნორმალურ ვითარებაში ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ „ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ამ ვითარებაშიც კი უმრავლესობით ვერ მოვა ხელისუფლებაში, ვერც ერთი ძალა. ეს იქნება აუცილებლად კოალიციური მმართველობა და კოალიციური მმართველობა ხელისუფლების უზურპაციას ვერ მოახდენს“.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისე იქცევიან და ლაპარაკობენ, „გეგონება უნახავები და ტყიდან გამოსულები არიან“.

„ზოგადად ისე იქცევიან და ლაპარაკობენ, ეს იქნება პარლამენტის სპიკერი თუ პრემიერ-მინისტრი, გეგონება უნახავები არიან და გეგონებათ, რომ ტყიდან გამოსულები არიან. მართლა, ხშირ შემთხვევაში მათ ქცევა და შეფასებები სირცხვილს იწვევს. გეგონებათ, არსად არ უმუშავიათ, უცხოელი არ უნახავთ და საერთაშორისო ორგანიზაცია არ იციან რა არის და როგორ მუშაობენ. არ ვიცი, ვისზე არის გათვლილი ასეთი დაბალი დონის რიტორიკა. თვითონ, ეს ადამიანები ათწლეულები მუშაობდნენ ამ ფონდებში, ხელშეკრულებებიც ჰქონიათ დადებული, გრანტებიც განუხორციელებიათ, დონორებიც და შემსრულებლებიც ყოფილან. დღეს ამ ტიპის რიტორიკას, რომ ვისმენთ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ნიშნავს იმ დონეზე დაშვებას, რა დონეზეც თვითონ არიან დაშვებულები“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო