საია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, სამართალდამცვებისგან სისტემური ძალადობა, თანამდებობის პირებისგან ძალადობის წახალისება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“.

ანგარიშის თანახმად, ხდება აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინება, ამასთან, მათ მიმართ იყენებენ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდს და ფიზიკური ძალადობას.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „დემონსტრანტებზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და აქტივისტებზე რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ, რაც დადასტურდა მიმდინარე წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად“.

„ანგარიშში მიმოხილულია კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ის ძალადობრივი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში. ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს: შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემურ ძალადობას; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისებას; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინებას, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ:

ფიზიკური ხელშეუხებლობა: გამოიკვეთა კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მესამე პირების („ტიტუშკების“ რეიდები) მხრიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება: „რუსული კანონის“ ინიციირებიდან დღემდე მიმდინარე აქციებზე საპოლიციო ღონისძიებები, უმეტესად, არ ატარებდა კანონიერ და პროპორციულ სახეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

გამოხატვის თავისუფლება: მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია „რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.

თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება: 2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საია-ს ინფორმაციით, დაახლოებით 210-ამდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა.

უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. სისხლის სამართალწარმოება: საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე და, სულ, დაკავებულია 8 პირი. მიმდინარე გამოძიებების და დაკავებების კვალდაკვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქციის მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარებას. ამ მასშტაბით „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარება იწვევს ეჭვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვის სახით კიდევ ერთ სისხლის სამართლებრივ მექანიზმს იყენებს დემონსტრანტების დასაშინებლად. აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართალწარმოება შეიძლება მიზნად ისახავდეს საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას.

რეპრესიების სხვა მეთოდები: გარდა ფიზიკური ძალადობისა, გამოიკვეთა დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების დაშინებისა და მუქარის არაერთი შემთხვევა, რაც „რუსული კანონის“ თაობაზე მათ კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდა. 2024 წლის 31 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის საჯარო პოსტის შედეგად, ნათელი გახდა, რომ რეპრესიები ორგანიზებულია სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ და, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შემწყნარებლური პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ მიერ არის მხარდაჭერილი.

მაგალითად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე უშედეგო გამოძიების გარდა, ასევე საგანგაშოა ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიცია, რომელმაც სატელეფონო ზარების, როგორც რეპრესიის ერთ-ერთი ფორმის, საქმეების შესწავლა ისე დაასრულა (და მასზე რეაგირება საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებად შეაფასა), რომ არ გამოუკვლევია, მოხდა თუ არა ამ მონაცემების მოპოვება სახელმწიფო ბაზაზე წვდომის შედეგად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და დაზარალებული პირების დაცვას. საია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოავლენს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო